სიახლეები

ქალთა ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

„ლანჩხუთი“, ხობის „კოლხეთი“ და ორი თბილისური კლუბი - „ნიკე“ და „კვარტალი“, საქართველოს ქალთა ლიგის 2021 სეზონის მთავარი ტიტულის მოსაპოვებლად აგრძელებენ ასპარეზობას.

ქალთა ლიგის გათამაშებაში წელს პირველად, მთავარი ლიგის მონაწილე კლუბები, რეგულარული ჩემპიონატის 14 ტურის შემდეგ, ზედა და ქვედა ჯგუფებად დაიყვნენ. საჩემპიონო რბოლაში, ზედა ჯგუფი 10 ნოემბრიდან დაიწყებს ასპარეზობას. ამავე პერიოდში გაიმართება ქვედა ჯგუფის მატჩებიც, სადაც ბოლო ადგილზე გასული კლუბი, ქალთა ლიგა 2-ში დაქვეითდება. ორივე ჯგუფი, სახლი-გასვლის სისტემით ჩაატარებენ შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფებში, რეგულარული ჩემპიონატიდან გადადის, მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში მიღწეული შედეგი, გატანილი და მიღებული გოლებით.

ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფში, ბოლოდან მეორე ადგილზე გასული გუნდი კი, ერთმატჩიან პლეი-ოფს ეთამაშება ქალთა ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანს. ლიგა 2-ის საუკეთესო გუნდი კი, ავტომატურად მთავარ ლიგაში დაწინაურდება.

5 ნოემბერს, რეგულარული ჩემიონატის ბოლო, მე-14 ტური გაიმართა. ქუთაისში, „ტორპედოს“ საფეხბურთო ბაზაზე, „მართვე“, ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და 0-4 დამარცხდა. სტუმრებმა ანგარიში მე-17 წუთზე მარი შონიას გოლით გახსნეს. ტაიმის მიწურულს, ანა წულაიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში კი, წულაიამ კიდევ ორი გოლი გაიტანა და შეხვედრაში, ჰეტ-თრიქი შეასრულა.

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, „ლანჩხუთმა“, „ბათუმი“ დიდი ანგარიშით 8-1 დაამარცხა. ბათუმელთაგან ერთადერთი გოლი, მე-9 წუთზე კესო მემეშიშმა გაიტანა. ლანჩხუთელთაგან კი, თავი ექვსმა ფეხბურთელმა გამოიჩინა - დუბლი შეასრულეს ირინა ხაბურძანიამ (2’ / 14’) და თეონა ბაქრაძემ (26’ / 47’), თითო გოლი სალომი დიმოპულომ (20’), ნათია წოწერიამ (36’), თეონა თოდაძემ (45’) და ანი გობრონიძემ (65’) გაიტანეს.

სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, „ნორჩმა დინამომ“, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე“ მიიღო. სტუმრებმა ანგარიში მე-14  წუთზე ლელა ჭიჭინაძის გოლით გახსნეს. 41-ე წუთზე მეტოქეს მარი ბეგიაშვილმა მეორე გოლი გაუტანა და მოპოვებული უპირატესობით ნიკეს თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ნიკელებმა, კერძოდ კი, მაიკო ბებიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 0-3.

დიდი ანგარიშით მოიგო შეხვედრა „კვარტალმა“, „გორი იუნაიტედთან“. თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის ახლადგახსნილ საფეხბურთო ცენტრში, ანგარიში, 28-ე წუთზე, ელენე ჩიქოვანმა გახსნა. კიდევ 9 წუთში, მარი ფეროიანის გოლის შემდეგ, „კვარტალი“ ორი ბურთით დაწინაურდა. ტაიმი თბილისურმა გუნდმა მოიგო - 2-0. მეორე ნახევარში გოლები ლიზი კანკიამ (46'), მეგი ეჯიბიამ (61' / 79') და შეცვლაზე შემოსულმა ანა ხელაიამ (64') გაიტანეს. საბოლოოდ შეხვდრა, „კვარტალმა“ 6-0 მოიგო.

გათამაშების ცხრილი და კალენდარი, იხილეთ ბმულზე.  

ზედა ჯგუფში, ჩემპიონობისთვის „ლანჩხუთი“, „კვარტალი“, „ნიკე“ და „კოლხეთი“ იბრძოლებენ.

ქვედა ჯგუფში კი, „ნორჩი დინამო“, „გორი იუნატედი“, „ბათუმი“ და „მართვე“ იასპარეზებენ.