28 ოქტომბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდი გამოვლინდა.
საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა "გარეჯმა" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 1:2 დამარცხდა. ანგარიში მე-20 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, შედეგიანი დარტყმა ლევან ნონიკაშვილის ანგარიშზეა. ამ მომენტიდან ზუსტად 10 წუთში "გარეჯის" კოლუმბიელმა შემტევმა ფრანცისკო ბრავომ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყდა და 1:1. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. "საბურთალომ" გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს 89-ე წუთზე გაიტანა, შორეული დარტყმით მეტოქის კარი იური ტაბატაძემ აიღო.
დაძაბული გამოდგა ლიგა 3-ის წარმომადგენელი "გორისა" და წყალტუბოს "სამგურალის" დაპირისპირება. ქართლის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-19 წუთზე "გორს" გიორგი ბუხაიძემ გაუტანა. პირველი ტაიმის მიწურულს წყალტუბოელები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან პაპუნა ფონიავა გააძევა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ნახევარში მოახერხეს, 68-ე წუთზე მაქსიმე ქვილითაიას კარი ნოდარ ბარამიძემ აიღო. ორივე კართან შექმნილი საგოლე მომენტების მიუხედავად ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები დაინიშნა. 96-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო არბიტრმა მოედნიდან ამჯერად "გორის" ფეხბურთელი ბექა მუმლაძე გააძევა და გუნდებმა თამაში 10-10 ფეხბურთელით გააგრძელეს. საბოლოოდ, გამარჯვების გოლი "სამგურალმა" გაიტანა, 101-ე წუთზე შედეგიანი დარტყმა ილია ახვლედიანმა შეასრულა და წყალტუბოელები საქართველოს თასის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ.
დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლას მოქმედი გამარჯვებული "გაგრა" გამოეთიშა. გაგრელებმა საკუთარ მოედანზე ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით - 1:2 დამარცხდნენ. შეხვედრაში პირველი გოლი 54-ე წუთზე გავიდა, ოთარ ფარულავამ მეტოქის საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და გაგრა დააწინაურა. ქობულეთელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მატჩის მიწურულს, 11 წუთიან მონაკვეთში მოახერხეს. 72-ე წუთზე ლევან ინგროყვამ ანგარიში გაათანაბრა, 83-ეზე კი, გაგრას ჟუნინიო კაბრალმა გაუტანა და საკუთარ გუნდს ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოუპოვა.
დღევანდელი სათამაშო დღე საგურამოში დასრულდა, სადაც თბილისის "ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ბათუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 3:1 დასრულდა. დინამოელებმა პირველი ტაიმის მოკლე მონაკვეთში ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შეძლეს, მე-15 წუთზე საკუთარი გუნდის კომბინაცია შედეგიანი დარტყმით ჯაბა ჯიღაურმა დაასრულა, მე-20 წუთზე კი, სანდრო ალთუნაშვილის გადაცემით გიორგი ფანცულაიამ ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა. არასასურველი სტარტის მიუხედავად, პირველი ნახევრის ბოლოს "ლოკომოტივი" გააქტიურდა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. აქტიურობამ შედეგი 34-ე წუთზე გამოიღო და თორნიკე კირკიტაძემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა. გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და ტაიმი "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა.
ბათუმელებმა მეორე ნახევრის სტარტზე "ლოკომოტივის" კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. 54-ე წუთზე ეფექტური დარტყმით რევაზ თევდორაძის კარი ვლადიმერ მამუჩაშვილმა აიღო.
თბილისის "ლოკომოტივისა" და ბათუმის "დინამოს" მეოთხედფინალურ დაპირისპირებას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირთან ერთად ესწრებოდა.
დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე 2021 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოთხმა გუნდმა მოიპოვა. ტიტულისთვის ბრძოლას ბათუმის დინამო, წყალტუბოს სამგურალი, ქობულეთის შუქურა და თბილისის საბურთალო აგრძელებენ. ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 29 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ჩატარებული და მომავალი მატჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.