სიახლეები

სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის C ლიცენზიის კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტანეტის ორგანიზებით 19 ოქტომბერს დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სპეციალიზირებული კურსი დაიწყო.

სასწავლო კურსის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე ესწრებოდნენ. ოფიციალურმა პირებმა კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელთა განათლების როლზე ისაუბრეს და მომავალ საქმიანობაში თითოეულ მათგანს წარმატება უსურვეს.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 18 მონაწილე ირიცხება. სწავლების პროცესი სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. 

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ყველა მონაწილეს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, სპორტის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, კურსდამთავრებულების და აქტიური სტუდენტების, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე ჩართულობას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.