პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე გამართული ხუთი მატჩიდან ორის მოგება მოახერხა და გათამაშება მე-11 ადგილზე დაასრულა.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ბრძოლა 9-14 ადგილებისთვის გააგრძელა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 8:0 დაამარცხა. ამპუტანტთა ნაკრებმა შემდეგი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინას შეხვდა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი, უკეთესად ჩვენმა გუნდმა შეასრულა და მეტოქე ანგარიშით - 3:1 დაამარცხა.
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი პოლონეთში 12-დან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა თურქეთისა და იტალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, „დ“ ჯგუფში დაიწყო. კონტინენტის პირველობის გამარჯვებული კი, თურქეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ესპანეთი ანგარიშით - 6:0 დაამარცხა.