22 ივლისს, იმედის სპორტულ ცენტრში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ქალაქ თბილისის N126-ე და N115-ე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის გამარჯვებული გლდანში მდებარე N115-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
გამარჯვებულებს კუთვნილი მედლები და თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძესთან და საკრებულოსა და თბილისის მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
ფინალურ მატჩს ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და სააფთიაქო ქსელ „პსპ’’ წარმომადგენლები.
სასკოლო ლიგა მიმდინარე წლის 10 აპრილს დაიწყო და მასში თბილისის 100-მდე საჯარო სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ტურნირი ქალაქ თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის მერიის, სააფთიაქო ქსელის პსპ-ს მხარდაჭერით და სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით იმართება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ტურნირის ბაზაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეიქმნა, რომელიც 2021 წლის 12-15 აგვისტოს, უკრაინაში (ქ. კიევი) მინი ფეხბურთის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
სასკოლო ლიგა ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს დააფუძნა.