სიახლეები

გრძელდება გოგონათა შორის 7x7-ზე საფეხბურთო ფესტივალი 

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

გრძელდება 16-წლამდე გოგონათა შორის 7x7-ზე საფეხბურთო ფესტივალი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით იმართება.

ფესტივალს გურიაში, სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიამ უმასპინძლა. შეჯიბრებაში გურიის, სამეგრელოს, აჭარისა და იმერეთის რეგიონების 10-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აკადემიაში შეკრებილ გოგონებს სიტყვით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ. ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში მონაწილეებს წარმატება უსურვა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

7x7-ზე საფეხბურთო ფესტივალი რაჭაშიც გაიმართა. ერთდღიან ტურნირში რაჭის, ლეჩხუმისა და იმერეთის ხუთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

საფეხბურთო ფესტივალის შემდეგი ტური თბილისში, იმედის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით გოგონათა საფეხბურთო ფესტივალი კამპანია #Weplaystrong-ის ფარგლებში იმართება. ფესტივალმა სტარტი 28 ივნისს თბილისში, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში აიღო.

7x7-ზე საფეხბურთო ფესტივალი 25 ივლისის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. საუკეთესო ოთხი გუნდი კი, #Weplaystrong-ის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება. საფეხბურთო ფესტივალის ნახევარფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებს სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკური ცენტრი უმასპინძლებს.