27 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო ფესტივალის ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის ბავშვთა გუნდმა „სოს ბავშვთა სოფელი“ სოხუმის „დინამო“ დაამარცხა და სამდღიანი ფესტივალის „ფეხბურთი ყველას“ გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებულებსა და პრიზიორებს, კუთვნილი ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდეტნმა კახა ჭუმბურიძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გადასცეს. ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი და ნათელი მომავლისათვის.“
ფესტივალი, სახელწოდებით „ფეხბურთი ყველას“ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის ექვსი რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა, მათ შორის, 12-დან 14-წლამდე ასაკის ეთნიკური უმცირესობებისგან, მზრუნველობამოკლებულ, სოციალურ დაუცველ და დევნილ ბავშვთაგან შემდგარი გუნდები.
ფესტივალის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას საფეხბურთო სპორტული და კულტურული აქტივობების გზით. ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას.
პატარა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ ერთობლივი პროექტის მონაწილეები არიან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 250 ბავშვს აერთიანებს.
უკვე მეექსვე წელია რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა და აღსაზრდელები სისტემატიურად ვარჯიშობენ.