სიახლეები

მზიურის პარკში სასკოლო ლიგის წილისყრა გაიმართა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

8 ივნისს, მზიურის პარკის ამფითეატრში ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ პრეზენტაცია და ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირი ქალაქ თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის მერიის, სააფთიაქო ქსელის პსპ-ს მხარდაჭერით და სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დაესწრო. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფეხბურთის მასობრიობის ზრდაში სასკოლო სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად მზიურის პარკში გამართულ ღონსძიებას ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები - დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე და ოთარ გაბელია ესწრებოდნენ. სასკოლო ლიგის პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის, საკრებულოს და სააფთიაქო ქსელის პსპ-ის წარმომადგენლები. 

სასკოლო ლიგაში  თბილისის 100-მდე საჯარო სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტურნირის ბაზაზე შეიქმნება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც 2021 წლის 12-15 აგვისტოს, უკრაინაში (ქ. კიევი) მინი ფეხბურთის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

სასკოლო ლიგა ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს დააფუძნა.