სიახლეები

ქალთა ლიგა 2-ის მეხუთე ტურში სოხუმის დინამომ მორიგი 3 ქულა ჩაიწერა

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

5 და 6 ივნისს, ქალთა ლიგა 2-ის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა. 5 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს, კვლავინდებურად სოხუმის „დინამო“ ლიდერობს. მიმდინარე გათამაშებაში პირველად, ერთმა ფეხბურთელმა 8 გოლი გაიტანა.

თბილისში, სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, სოხუმის „დინამო“, საჩხერის „ქარიშხალას“ დაუპირისპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში სოხუმელთა კარნახითა და უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმის შემდეგ, დინამოელები, 3-0 იგებდნენ. სოხუმელთა შემტევმა, ნინო ჩანგელიამ, ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი გაიფორმა (50’, 66’, 70’).  თუმცა, მან ეს მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა, მანამდე კი, მე-17 წუთზე ანგარიში ნუცა სირაძემ გახსნა, კიდევ ორ წუთში, ლიზი გომელაურმა, ანგარიში ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს კი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დუბლიც გაიფორმა. შეხვედრის მიწურულს, სოხუმელთა სასარგებლოდ კიდევ, ერთი გოლი გავიდა, თუმცა, 87-ე წუთზე, საჩხერელებმა, თავად ჩაჭრეს ბურთი საკუთარ კარში. „დინამომ“ 7-0 მოიგო და ამ ლიგაში, 5 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია.

ზუგდიდში, ადგილობრივი „ფენიქსისა“ და მცხეთის „დიდგორს“ შორის დაპირისპირებაში, გოლები მხოლოდ პირველ ტაიმში გავიდა. 28-ე წუთზე ევლინა მანჯგალაძემ, მასპინძლები დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე კი, ანა გაბედავამ ანგარიში ორამდე გაზარდა. „ფენიქსმა“, 2-0 გაიმარჯვა და გუნდისთვის სადებიუტო გათამაშებაში, მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, „ზარზმასა“ და ახმეტის „ბახტრიონს“ შორის დაპირისპირებაში, ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-3 წუთზე, სოფიკო დევნოსაძემ, ზარზმა დააწინაურა, თუმცა, ერთ წუთში, სალომე კევლიშვილმა წონასწორობა აღადგინა, 1-1. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებმაც, მხოლოდ, 67-ე წუთზე მოახერხეს კვლავ დაწინაურება. გოლი, გვანცა ზაზაძემ გაიტანა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წუთით ადრე კი, ანა ბებნაძე, საბოლოო გამარჯვების გოლი გაიტანა. „ზარზმამ“ 3-1 მოიგო და გათამაშების ცხრილში 2-4 ადგილებს იყოფს ხაშურის „ივერიასთან“ ერთად.

ერთი დღით ადრე, ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე, ქალთა ლიგის დებიუტანტი, „რაჭა 2020“, გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ხაშურის „ივერიას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 0-13 დამარცხდა. სტუმრები, უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, 0-6 იგებდნენ. ამასთან მასპინძლები, იმ მომენტებსაც აცუდებდნენ, რომელსაც რაჭული გუნდისთვის შედეგის მოტანა შეეძლო. ხაშურელებმა კი, მეორე ტაიმში კიდევ 7 გოლი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ივერიელთა გოლეადორმა, ნინო ბუხრიკიძემ, რომელსაც 4 ტურის შემდეგ 10 გოლი ჰქონდა გატანილი, ამ შეხვედრაში კიდევ 8 გოლი (8’, 12’, 28’, 47’ (პ), 50’, 52’, 79’ ,89’) დაუმატა და ახლა, ბომბარდირთა დავას 18 გოლით ლიდერობს. 3 გოლით გაიუმჯობესა პირადი შედეგი ირმა ლომიძემაც, რომელმაც ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი (14’, 35’, 76’) შეასრულა. თითო გოლი კი, ხაშურელთაგან ნინო ხარაზიშვილმა (5’) და ნინო გულაშვილმა გაიტანეს.

ხუთი ტურის შემდეგ, ქალთა ლიგა 2-ის ბომბარდირთა სამეული ასე გამოიყურება: ნინო ბუხრიკიძე („ივერია“) – 18 გოლი, ნინო ჩანგელია („დინამო სოხუმი“) – 11 გოლი, ირმა ლომიძე („ივერია“)  - 8 გოლი, ლიზი გომელაური („დინამო სოხუმი“) – 7 გოლი.

ქალთა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.