სიახლეები

ლანჩხუთის 3 ქულიანი სერია გრძელდება

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონის მეორე წრეც წარმატებით დაიწყო „ლანჩხუთმა“.  გურულებმა დღეს, თბილისში, სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, მერვე ტურის ბოლო მატჩში, „ნორჩი დინამო“ დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ  ანგარიში სტუმრებმა მე-5 წუთზე, ირინა ხაბურზანიას სწრაფი გოლით გახსნეს, ნორჩმა დინამოელებმა პირველ ტაიმში, ამ სეზონში დაუმარცხებელი მეტოქე, მეტით წინ აღარ გაუშვეს. თუმცა, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, ლანჩხუთელთაგან, ნათია წოწერიამ 55-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა. კიდევ ორ წუთში კი,  გამოცდილი თავდამსხმელის ხატია ჭყონიას გოლის შემდეგ, „ლანჩხუთი“, უკვე, 3 ბურთის სხვაობით ლიდერობდა. ამ ორ წუთიანი მონაკვეთის შემდეგ, მატჩის გადასარჩენად მებრძოლ მასპინძლებს, თამაშის შემობრუნების საშუალება აღარ დარჩათ.  დარჩენილ დროში, გურულებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. 73-ე წუთზე, თეონა თოდაძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0-4. მიმდინარე გათამაშებაში კი, თოდაძემ მე-8 გოლი გაიტანა. ამ ტურის შემდეგ, „ლანჩხუთის“ 3 ქულიანი სერია გაგრძელდა.

მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის „მართვემ“. ქუთათურებმა, ბათუმში, ანგარიში მე-9 წუთზე სწრაფი გოლით გახსნეს. გოლი, გამოცდილმა ლანა გორგაძემ გაიტანა და მეორე ტაიმში, დუბლიც შეასრულა. თუმცა, მანამდე, ქუთაისელთაგან, მასპინძელი „ბათუმის“ კარი ანა ჯანელიძემ აიღო. „მართვემ“ პირველი ტაიმი 0-2 მოიგო და მეორეს დასაწყისში 3 ბურთითაც ლიდერობდა. თუმცა, აჭარლებმა, თათია შაინიძემ (73’) და დარინა სელიმბამ (90’) ორი გოლის გაქვითვა შესძლეს. ერთი პენალტი გააფუჭეს და თამაში ვერ გადაარჩინეს. მატჩი კი, „მართვეს“ გამარჯვებით, 2-3 დასრულდა.

მშრალი ანგარიშით 0-3 დაამარცხა, კასპის ცენტრალურ სტადიონზე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“, „გორი იუნაიტედი“. თბილისური კლუბის გამოცდილმა ფეხბურთელმა ტატა მატვეევამ, ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. თუმცა, შეხვედრის ამ მონაკვეთში, „ნიკემ“ მეტით ვერ გაზარდა უპირატესობა. მატჩის მიწურულს კი, ასევე გამოცდილმა ლელა ჭიჭინაძემ, 6 წუთიან მონაკვეთში, ორი 11-მეტრაინი შეასრულა ზუსტად.

მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში გასვლაზე, კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა „კვარტალმა“. ხობში, „პაატა თათარაშვილის“ სახელობის სტადიონზე, „კოლხეთისა“ და „კვარტალის“ დაპირისპირებაში, ანგარიში მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. 45-ე წუთზე, მასპინძელთა კარი, გამოცდილმა ფეხბურთელმა ნინო სუთიძემ აიღო. ქალთა ლიგის გასული სეზონების ერთ-ერთმა გოლეადორმა, მიმდინარე გათამაშებაში, პირველი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში, თანაგუნდელს მხარი, ანასტასია ბოლქვაძემ აუბა და ხობელთა კარი, 55-ე წუთზე მეორედ აიღო. თბილისელები, 0-2 დაწინაურდნენ, თუმცა ხობელები, მარტივად 3 ქულის დათმობას არ აპირებდნენ და მე-60 წუთზე, ანა წულაიამ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ამ დღეს, მეტი ვერ შესძლეს. „კვარტალმა“, 1-2 გაიმარჯვა და ახლა, „ნიკესთან“ ერთად 17-17 ქულით, სატურნირო ცხრილის მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

ქალთა ლიგის მომდევნო, მე-9 ტური 3 ივნისს გაიმართება.

იხილეთ ქალთა ლიგის სატურნირო ცხრილი და კალენდარი შემდეგ ბმულზე.

© ქსკ „ლანჩხუთის“ ფოტოები