სიახლეები

ლანჩხუთელები ქალთა ლიგას ქულებით და გატანილი გოლებითაც ლიდერობენ

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშების მეშვიდე ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა. ჩემპიონატს, ქულათა მაქსიმუმით „ლანჩხუთი“ ლიდერობს, რომელმაც ამ ტურში, ბათუმში, ადგილობრივი ქალთა გუნდი, დიდი ანგარიშით 0-10 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში, სწრაფი გოლით, მე-2 წუთზე, თეონა ბაქრაძემ გახსნა. სხვათა შორის, ფეხბურთელმა, ამ დღეს პოკერი შეასრულა (16’, 23’, 76’) და ახლა, 9 გატანილი გოლით, ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში. აღსანიშნავია, რომ გურულებმა ამ მატჩის ბედი, პირველი ტაიმის 23 წუთში გადაწყვიტეს, როდესაც 5 ბურთის უპირატესობით დაწინაურდნენ. თეონა ბაქრაძის გარდა, საწყის წუთებზევე, ერთწუთიანი შუალედით, მე-6-ზე თეონა თოდაძემ, ხოლო მე-7 წუთზე ირინა ხაბურზანიამ გაიტანა.  მეორე ტაიმში დუბლი თეონა თოდაძემ გაიფორმა (52’),  მე-80 წუთზე ნათია წოწერიმაც მოახერხა ერთი გოლის გატანა, შეცვლაზე შემოსულმა ქრისტინა ბაკარანძემ კი, დარჩენილ დროში, დუბლი შეასრულა (87’, 90’) და საკუთარი გუნდის სასარგებლოდ, ორნიშნა რიცხვი აანთო ტაბლოზე.

ხობის „პაატა თათარაშვილის სახელობის სტადიონზე“, ადგილობრივმა „კოლხეთმა“, ქუთაისის „მართვესთან“ მატჩის პირველ ტაიმშივე მოახერხეს 3-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურება. გოლები, მე-15 წუთზე თამრიკო სალუქვაძემ, 32-ეზე ანა წულაიამ და მე-40 წუთზე კი, ქალთა ლიგის ერთ-ერთმა ვეტერანმა, მარინე კახიძემ გაიტანეს. შეხვედრის მეორე ნახევარში, მასპინძლებმა კიდევ ორი ბურთი დაუმატეს აქტივს, სალუქვაძემ (55’) და წულაიამ (78’) დუბლი გაიფორმეს და საბოლოოდ, საქართველოს ორგზის ჩემპიონ „მართვეს“ 5-0 მოუგეს. 

საკმაოდ დაძაბული გამოდგა შეხვედრა გორის „პარკ არენაზე“, სადაც ადგილობრივმა „გორი იუნაიტედმა“, მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის „კვარტალს“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი, სტუმრებმა, მე-18 წუთზე გაიტანეს. თავი, თბილისელთა ერთ-ერთმა ახლგაზრდა მოთამაშემ, ელენე ჩიქოვანმა გამოიჩინა. სხვათა შორის, ისევე, როგორც წინა ტურის შეხვედრებში, დღესაც, „კვარტალის“ სამწვრთნელო შტაბმა, აქცენტი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა და თანაც, აქტივში მორიგი 3 ქულაც ჩაიწერა. „კვარტალმა“ 0-1 მოიგო.

დაძაბული გამოდგა, ტურის თბილისური დერბი. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „ნიკე“, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ორივე გუნდს ჰქონდა თავის გამოჩენის საშუალება, მატჩის ბედი, გამოცდილი ფეხბურთელის, ლელა ჭიჭინაძის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

ქალთა ლიგის მომდევნო, მერვე ტური, 30 მაისს გაიმართება.

ქალთა ლიგის გათამაშების სატურნირო ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე.