სიახლეები

კოკა-კოლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორია

სფფ
გაუზიარე

27 მაისს, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს ქარხნის ტერიტორიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის თანამშრომლობის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს.

​ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ კომენტარები გააკეთეს:

?ლევან კობიაშვილი: "პირველ რიგში მსურს დავაფიქსირო, რომ ქართული ფეხბურთი და კოკა-კოლა დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობენ. წლების განმავლობაში კოკა-კოლას მხარდაჭერით ძალიან დიდ პროექტს ვახორციელებთ და ამისთვის მინდა კომპანიას მადლობა გადავუხადო.

​დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა. დღეიდან კოკა-კოლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდამჭერი და პარტნიორი გახდა. თანამშრომლობა მოიცავს ეროვნული ნაკრების, ასაკობრივ ნაკრებებს და ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებს. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი გვყავს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენთვის ასევე კოკა-კოლასთვის ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი კოკა-კოლას, კომპანიის თითოეულ თანამშრომელს და განსაკუთრებით თემურ ჭყონიას."

?თემურ ჭყონია: "ჩვენთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მოთამაშეებს შეუძლიათ ერთი გოლით მთლიანად ქვეყნის ისტორია შეცვალონ. ამიტომ მე მეამაყება, რომ ჩვენ გრძელვადიანი ხელშეკრულება დაგვაკავშირებს და ჩემთვის ეს უბედნიერესი დღეა.

ხელშეკრულება თანამშრომლობას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, მოგეხსენებათ, რომ კოკა-კოლას სპორტთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. შევეცდებით, რომ ეს გამოცდილება საქართველოს ნაკრების სასიკეთოდ გამოვიყენოთ, რათა ჩვენმა გუნდმა დიდ ტურნირებზე იასპარეზოს."

ხელმოწერის ღონისძიების ფარგლებში, კოკა-კოლას ქარხანას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები ესტუმრნენ.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელი გახდა. აღნიშნული სტატუსით  კოკა-კოლას ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.

ქართულ ბაზარზე ამ მსოფლიო ბრენდის ოპერირების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ასეთი მასშტაბისა და სიდიდის ურთიერთანამშრომლობის დაფიქსირება პირველად ხდება და ბიზნესისათვის მძიმე პანდემიურ წელს სფფ-ისა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულება ფინანსურად უპრეცედენტოა. ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-საგან 1 მილიონ ლარს მიიღებს.