31 მაისს, 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფი მეოთხედფინალური მატჩებით დაიწყება. სლოვაკეთის ქალაქ მარიბორში ესპანეთი ხორვატიას დაუპირისპირდება. უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯად კი ირაკლი კვირიკაშვილი იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ყრუაშვილის სამსაჯო ბრიგადამ ევრო 2021-ის ჯგუფურ ეტაპზის ორ შეხვედრაზეც იმუშავა. ქართველი მსაჯები ესპანეთი - ჩეხეთისა და ინგლისი - შვეიცარიის მატჩებს მოემსახურნენ.
ევრო 2021-ის მეოთხედფინალური შეხვედრის გარდა ქართველი მსაჯები ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზეც იმუშავებენ. შესარჩევი ტურნირის პირველ შეხვედრაში 5 ივნისს ბელარუსი საკუთარ მოედანზე კვიპროსს უმასპინძლებს. მატჩი ქალაქ ჟოდინოში გაიმართება და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ალეკო აფციაურია.