სიახლეები

ცენტრალური მატჩი ლანჩხუთის გამარჯვებით დასრულდა

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

დღეს, ქალთა ლიგის მეოთხე ტურის თამაშები გაიმართა. აღნიშნული ტურის ცენტრალურ მატჩში, ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი „ლანჩხუთი“ და მოქმედი ჩემპიონი „ნიკე“ დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საკმაოდ დაძაბული და თანაბარი გამოდგა. ანგარიში, 32-ე წუთზე 11-მეტრიანით „ნიკემ“ გახსნა. გოლი, ლელა ჭიჭინაძის ანგარიშზეა. ლანჩხუთელებმა ანგარიშის გათანაბრება 59-ე წუთზე მარიამ დანელიას გოლით მოახერხეს. 71-ე წუთზე, მასპინძლები, თბილისელთა მიერ გატანილი ავტოგოლის შემდეგ დაწინაურდნენ და საბოლოოდ, პრინციპულ დაპირისპირებაში, 2-1 გაიმარჯვეს. ამ ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად, „ლანჩხუთი“ ლიდერობს.

ბათუმში, ადგილობრივმა „ბათუმმა“, „გორი იუნაიტედს“ უმასპინძლა და 1-4 დამარცხდა. პირველივე ტაიმში გორელთა ახალგაზრდა თავდამსხმელმა ეთერ სულაშვილმა დუბლი (მე-7 წუთზე 11-მეტრიანი, 24-ე წუთი) შეასრულა. ბათუმელთაგან, 39-ე წუთზე, ნინო ბერიძემ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა, გორელებმა, მეორე ტაიმში, 68- ე წუთზე ელენე ენჯიბაძისა და 72-ე წუთზე, ნინო ჭუჭულაშვილის გოლების წყალობით, მიმდინარე გათამაშებაში პირველი შეხვედრის მოგება და შესაბამისად, სატურნირო ცხრილში, პირველი ქულების ჩაწერა მოახერხეს.

ქუთაისში, „მართვესთან“ შეხვედრაში, თბილისურმა „კვარტალმა“ აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთა. თუმცა, საჭირო 3 ქულა გუნდს, გამოცდილმა ფეხბურთელებმა მოუტანეს. „კვარტალმა“ 0-2 მოიგო და ორივე გოლი, შეხვედრის პირველ ტაიმში გავიდა. თავდაპირველად, ქუთაისელთა კარი, მატჩის სტარტზევე, მე-8 წუთზე ანი ძაძუამ აიღო თავური დარტყმით. შემდეგ კი, ზუსტად 5 წუთში, თბილისელთა შორის, მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანმა ანასტასია ბოლქვაძემ, შორეული დარტყმით, მეორედ აიღო ქუთაისელთა კარი.

ამ ტურის ბოლო შეხვედრა თბილისში გაიმართა. „ნორჩი დინამო“, ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და 1-4 წააგო. ხობელთაგან, ანგარიში, მე-8 წუთზე თამრიკო სალუქვაძემ გახსნა. მომდევნო ორი გოლიც, სტუმრებმა გაიტანეს, 29-ე წუთზე გამოცდილმა მარინე კახიძე, აიღო თბილისელთა კარი, მე-60 წუთზე კი, მარიამ შონიამ ანგარიში სამამდე გაზარდა. 67-ე წუთზე მარიამ მოდრეკილაძე, მიმდინარე ჩემპიონატში, მორიგი გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, „ნორჩმა დინამომ“, ხობელთა სასარგებლოდ, საკუთარ კარში გაიტანა გოლი.

ოთხი ტურის შემდეგ გათამაშებას ქულების მაქსიმუმით,  „ლანჩხუთი“ ლიდერობს. ბომბარდირთა დავაში კი, 6  გატანილი გოლით კვლავ, „ნიკეს“ ფეხბურთელი, ჯოშგუნა ალიევა ლიდერობს. 5 გოლით, მეორე პოზიციაზე „კვარტალის“ მოთამაშე ანასტასია ბოლქვაძეა.  4 გატანილი გოლით, მესამე ადგილზე თეონა ბაქრაძეა „ლანჩხუთიდან“.

სატურნირო ცხრილი და მომდევნო ტურის კალენდარი იხილეთ ბმულზე.