9 მაისს, საქართველოს ოთხ ქალაქში, სტარტი აიღო ქალთა ლიგა 2-ის გათამაშება. ქალთა ლიგის მეორე დივიზიონის გათამაშება, საქართველოში 2021 წლის სეზონიდან, პირველად ტარდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს.
ქალთა ლიგა 2-ში, 2020 წლის სეზონის შედეგების მიხედვით ითამაშებენ „ივერია“ ხაშური, „დინამო“ სოხუმი, „ზარზმა“ ახალციხე, „დიდგორი“ მცხეთა, შეცვლილი სახელით იასპარეზებს ახალ სეზონში „თუშეთი“. ახმეტის გუნდი, 2021 წლიდან „ბახტრიონის“ სახელით წარსდგება გულშემატკივრის წინაშე. 2021 წლის სეზონიდან, ქალთა ლიგა 2-ს სამი დებიუტანტი ჰყავს, საჩხერის „ქარიშხალა“, ზუგდიდის „ფენიქსი“ და ამბროლაურის „რაჭა 2020“.
გათამაშების პირველ ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა დამთავრდა ფრედ. ზუგდიდის „ფენიქსმა“, „რაჭა 2020“-ს უმასპინძლა. ზუგდიდელებმა, სადებიუტო გოლი, შეხვედრის დასაწყისშივე გაიტანეს. სწრაფი გოლი, მე-3 წუთზე ამინა ხარჩილავას ანგარიშზეა. თუმცა, 11 წუთში, „ფენიქსის“ ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშიც გათანაბრდა. 35-ე წუთზე კი, რაჭველებმა, ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატებში, სადებიუტო გოლი გაიტანეს. „რაჭა 2020“ წინ, ნანა კოპალიანმა გაიყვანა. კიდევ ერთი გოლი, ტაიმის ბოლო წუთზე, უკვე, მასპინძლებმა გაიტანეს და ტაიმიც ფრედ, 2-2 დასრულდა. თუმცა, 45-ე წუთზე, ევლინა მანჯგალაძის გოლი, ამ შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. დებიუტანტმა გუნდებმა პირველი ქულები გაიყვეს.
გათამაშების კიდევ ერთი დებიუტანტი, საჩხერის „ქარიშხალა“ , შინ დიდი ანგარიშით, 0-8 დამარცხდა, ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატების ერთ-ერთ გამოცდილ გუნდთან, ხაშურის „ივერიასთან“. ხაშურელთაგან 5 გოლი ნინო ბუხრიკიძემ გაიტანა და ქალთა ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. 2 გოლი ირმა ლომიძემ და ერთიც, ნინო ხარაზიშვილმა გაიტანეს.
თბილისში, სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, „დინამო სოხუმმა“, მინიმალური ანგარიშით 1-0 „ზარზმა“ დაამარცხა. ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი, 53-ე წუთზე, ლიზი გომელაურმა გაიტანა.
ახმეტაში, სამბურთიანი სხვაობით, 0-3 დამარცხდა „ბახტრიონი“ მცხეთის „დიდგორთან“. მცხეთელთაგან, დუბლის ავტორი ხატია ლომოური გახდა, რომელმაც გოლები 4 წუთიან მონაკვეთში გაიტანა. კიდევ ერთი გოლი, მეორე ტაიმის სტარტზევე, 46-ე წუთზე, მარიამ ოზდემირმა გაიტანა.
ქალთა ლიგა 2-ში პირველ ადგილზე გასული გუნდი, ქალთა ლიგაში დაწინაურდება. მეორეადგილოსანი კი ფლეი-ოფს ითამაშებს და რანგით უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ქალთა ლიგის მეშვიდე ადგილოსანს დაუპირისპირდება.
სატურნირო ცხრილი და მომდევნო ტურის კალენდარი იხილეთ ბმულზე.