სიახლეები

ქართველი მსაჯები და დელეგატი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

სფფ
გაუზიარე

2021 წლის უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. სლოვენიასა და უნგრეთში გასამართ კონტინენტის პირველობის მატჩებში ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრს, გიორგი ყრუაშვილს, ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია დაეხმარებიან. გიორგი ყრუაშვილს და ლევან ვარამიშვილს შერეულ სამსაჯო ბრიგადებში ასისტენტების რანგში გასულ წლებშიც უმუშავიათ ასაკობრივი სანაკრებო ტურნირების ფინალურ ეტაპებზე. 

ამჯერად უეფას გადაწყვეტილებით, სლოვენიაში ქართველ მსაჯებთან ერთად დელეგატის რანგში ვახტანგ ბზიკაძეც იმუშავებს, რომელიც „ბ“ ჯგუფის სამ მატჩს მოემსახურება. აქამდე მსგავსი ტურნირების ფინალურ ეტაპზე დელეგატის სტატუსით დავით პეტრიაშვილს და უმცროს ნოდარ ახალკაცს უმუშავიათ.

დღესდღეობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფაში არაერთი გამოცდილი დელეგატი წარმოადგენს, რომლებიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მაღალი რანგის მატჩებზე უფრო და უფრო ხშირად მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მომდევნო გათამაშების ფინალური ეტაპის თანამასპინძელი რუმინეთთან ერთად 2023 წელს საქართველო იქნება. ჩემპიონის გამოსავლენი ფინალური მატჩი კი საქართველოში, კერძოდ, ბათუმი არენაზე გაიმართება.