სიახლეები

ფუტსალის ლიგა | მეხუთე ტური

ფუტსალი
გაუზიარე

18 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო გათამაშების ლიდერმა თსუ-მ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ამჯერად კსუ-ს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით - 3:2 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე თსუ-ს მთავარ მწვრთნელს დავით ბობოხიძეს, ფუტსალის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ზურა გელაშვილმა, 2020 წლის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადასცა. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა, მეტოქეს ეფექტური თავური დარტყმით დავით ბობოხიძემ გაუტანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე თსუ-მ მოწინააღმდეგეს კიდევ ერთხელ გაუტანა, შედეგიანი დარტყმით შალვა კაპანაძე გამოირჩა. მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. 24-ე წუთზე კსუ-ს კარში მესამე გოლი დავით გეგეშიძემ გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. სამბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბოლომდე იბრძოლა, ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და ლევან კობაიძის გუნდს მატჩის ბოლო წამებზე წონასწორობის აღდგენაც შეეძლო. 33-ე წუთზე თსუ-ს კარი ლუკა ფარცვანია აიღო, 35-ე წუთზე კი თბილისელთა კარში მეორე გოლი ნიკა მანგოშვილმა გაიტანა. მე-40 წუთზე კი, ფარცვანია პრაქტიკულად ცარიელ კარში ცდილობდა ბურთის გატანას, თუმცა თორნიკე ბუკიამ მეტოქეს აჯობა და საკუთარ გუნდს ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოაგებინა.

დავით ბობოხიძემ 2020 წელს თსუ-სთან საქართველოს ფუტსალის ლიგა მოიგო და სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

​დრამატული გამოდგა თბილისისა და თელასი-ჯორჯიანსის დაპირისპირება. თელასმა მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით - 4:1 მოიგო, თუმცა გუნდმა მეორე ტაიმში უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და საბოლოოდ - 5:4 დამარცხდა. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, ამირან ცხომარიამ ძლიერი დარტყმით მახვილი კუთხიდან გაიტანა. თბილისმა ანგარიშის გათანაბრება ამ მომენტიდან 5 წუთში მოახერხა, კახაბერ გოგოხიამ თავისივე წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა დაასრულა შედეგიანი დარტყმით. თელასმა მალევე ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხა, მე-13 წუთზე ჯერ გურამ ხაჭაპურიძემ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, შემდეგ კი თბილისს ჯანიკო გიორგაიამ გაუტანა. ტაიმის დასრულებამდე დიმიტრი მაყიშვილის გუნდმა კიდევ ერთი გოლი გაუშვა, მე-18 წუთზე შედეგიანი დარტყმა ვახტანგ ჯვარაშვილმა შეასრულა. მეორე ნახევარი თბილისმა აქტიურად დაიწყო და გუნდმა ერთ წუთიან მონაკვეთში სხვაობის ერთ ბურთამდე შემცირება მოახერხა. 28-ე წუთზე ფუტსალის ლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირმა, ოთარ ბერეჩიკიძემ გაიტანა, 29-ეზე კი თამაზ გოგსაძემ. ანგარიში 37-ე წუთზე გათანაბრდა, საშუალო მანძილიდან ძლიერი დარტყმით ალექსანდრე ჯამბურიას კარი ბაკურ გულუამ აიღო. თბილისელებმა წინ გასვლაც ამავე წუთზე მოახერხეს, ფუტსალში სადებიუტო მატჩი გიორგი ივანიშვილმა გამარჯვების გოლით აღნიშნა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ივანიშვილი წლების განმავლობაში შვეიცარიისა და საქართველოს სხვადასხვა კლუბებში ასპარეზობდა, მას საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 11 მატჩი აქვს გამართული. ქართველმა ნახევარმცველმა ფეხბურთიდან ფუტსალში მიმდინარე წელს გადმოინაცვლა და თბილისი მისი პირველი კლუბია.

​სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ილიაუნი და პსპ დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან საკმარისი რაოდენობით შეიქმნა, მოთამაშეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა. ამ შედეგით ილიაუნიმ მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.

საქართველოს ფუტსალის ლიგის მეექვსე ტურის მატჩები 25 თებერვალს გაიმართება. დეტალები იხილეთ ბმულზე.