სიახლეები

რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა

სფფ
გაუზიარე

12 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია ოფიციალურად გაიხსნა.

დასრულებული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველი ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

სტუმრებმა ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, აკადემიის აღსაზრდელებს გაესაუბრნენ და წარმატება უსურვეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან საუბრისას სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მედიისთვის კომენტარი გააკეთეს:

? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ბედნიერი ვარ, რომ მორიგი არაჩვეულებრივი პროექტი უკვე ოფიციალურად დავასრულეთ. რუხის საფეხბურთო აკადემია, ძირითადად, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს მოემსახურება. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებს, მოყვარულთა და ქალთა საფეხბურთო გუნდებს. ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააფინანსა, ასევე გამოყენებულ იქნა ფიფას და უეფას გრანტები, აღსანიშნავია, რომ რუხის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობაში სახელმწიფოს ფული არ დახარჯულა.

აკადემიის ფეხბურთელების მომზადებისთვის ყველა საჭირო ხარჯს საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაცია იღებს. აქვე არის საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი მოთამაშეები ისწავლიან. ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება თუ ყველა მათგანი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდება, თუმცა ჩვენი მიზანი ასევე არის, რომ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ, ჯანმრთელები და განათლებულები გაიზარდონ."

? კახა ჭუმბურიძე - სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რეგიონული აკადემიების განვითარების პროექტს აგრძელებს. ყველა ხედავთ, თუ როგორი მაღალი დონის საფეხბურთო ბაზა აშენდა რუხში, რომელიც სამეგრელოს რეგიონს მოემსახურება. რუხის საფეხბურთო აკადემიაში საწყის ეტაპზე 15-16 წლის ფეხბურთელები მოემზადებიან, რომლებიც სელექციის საფუძველზე შეირჩნენ. მოთამაშეები ადგილზე იცხოვრებენ, ივარჯიშებენ და მიიღებენ როგორც საფეხბურთო, ისე აკადემიურ განათლებას."

პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები და აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი. 

საცხოვრებელ კორპუსში ფუნქციონირებს სასადილო, სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები.

საფეხბურთო აკადემიაში, ამჟამად 2006 - 2007 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ემზადება, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში სელექციის საფუძველზე შეირჩნენ. ახალი სასწავლო წლიდან კი 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება. 

ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ. 
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა.  

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა და უეფა-ს პროგრამა HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. აკადემიის მშენებლობისთვის ჯამში 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. აღნიშნული ტერიტორია სფფ-ს ადგილობრივი ხელისუფლებისგან საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის ვალდებულებით გადმოეცა. 

სფფ-ის სხვა აკადემიების მსგავსად, რუხის აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფინანსდება. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ.   

სფფ-ის საფეხბურთო აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.