სიახლეები

ფუტსალის ლიგა | ოთხი ტურის შემდეგ ლიდერი უცვლელია

ფუტსალი
გაუზიარე

11 თებერვალს საქართველოს ფუტსალის ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. ყველა მატჩს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თელასი-ჯორჯიანსი და ილიაუნი დაუპირისპირდნენ. ავთანდილ ასათიანის გუნდმა უპირატესობა მატჩის საწყის წუთებზევე მოიპოვა და საბოლოოდ მეტოქე ანგარიშით - 3:1 დაამარცხა. ილიაუნი კარში პირველი გოლი მე-14 წამზე ჯანიკო გიორგაიამ გაიტანა. მე-7 წუთზე საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე ვახტანგ ჯვარაშვილმა გაზარდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე თელასმა მეტოქეს კიდევ ერთი გოლი გაუტანა, მე-14 წუთზე ჯანიკო გიორგაიამ დუბლი გაიფორმა. საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს დაფიქსრიდა, 36-ე წუთზე ალექსანდრე ჯამბურიას კარი ზურაბ ფიჩხაძემ აიღო.

საინტერესო გამოდგა ლიდერთა დაპირისპირება, თსუ-სა და თბილისის დაპირისპირებაში მაყურებელმა 8 გატანილი გოლი იხილა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა, თუმცა მომენტები უკეთ თსუ-მ გამოიყენა და მნიშვნელოვანი მატჩი ანგარიშით - 6:2 მოიგო. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, გიორგი ჭოხონელიძემ ბექა გოგსაძის კარი ეფექტური შორეული დარტყმით აიღო. ამ გოლიდან ერთ წუთში თსუ-ს უპირატესობა ორამდე გაიზარდა, შედეგიანი დარტყმით ნოდარ ქურცაძე გამოირჩა. მატჩი დავით ბობოხიძის გუნდის შეტევებით გაგრძელდა და ტაიმის ბოლომდე თბილისმა საკუთარ კარში კიდევ ორი გოლი მიიღო. მე-10 წუთზე დავით გეგეშიძემ გაიტანა, მე-17 წუთზე კი, ქურცაძემ დუბლი შეასრულა. ტაიმის მიწურულს თბილისიც გააქტიურდა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. აღსანიშნავია, რომ ერთ წუთიან მონაკვეთში გიორგი დიაკვნიშვილმა ორი ათ მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმი კვლავ თბილისის შეტევებით განახლდა, 21-ე წუთზე თსუ-ს ოთარ ბერეჩიკიძემ გაუტანა. ეს მისი მერვე გოლია მიმდინარე სეზონში და თბილისელთა შემტევი ბომბარდირთა დავას ლიდერობს. 23-ე წუთზე კი, თორნიკე ბუკიას კარი თამაზ გოგსაძემ აიღო და ანგარიშში სხაობა ორამდე შეამცირა. დარჩენილ დროში ორივე გუნდის კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქნა. საბოლოოდ თსუ-მ მეტოქეს კიდევ ორჯერ გაუტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. 33-ე წუთზე დუბლი გიორგი ჭოხონელიძემ შეასრულა, 39-ე წუთზე კი, შალვა ცხადაძემ დასწრებაზე კარგად ითამაშა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა პსპ-მ. ბესო არველაძის გუნდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით - 4:1 დაამარცხა. ანგარიში მე-7 წუთზე კსუ-მ გახსნა, შორეული დარტყმით ლუკა ფარცვანიამ გაიტანა. პსპ-მ წონასწორობა ტაიმის მიწურულს აღადგინა, მე-15 წუთზე მეტოქის სწრაფი იერიშის შედეგად ბურთი საკუთარ კარში გიორგი ღავთაძემ ჩაჭრა. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, ორივე გუნდი აქტიურად თამაშობდა. 22-ე წუთზე გიორგი ღავთაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მიუხედავად ამისა, პსპ-მ ორ წუთიანი უპირატესობა ვერ გამოიყენა, ალიკ სარქისიანის გუნდმა თავი კარგად დაიცვა და ანგარიში არ შეცვლილა. საბოლოოდ, პსპ-მ წინ გასვლა 30-ე წუთზე მოახერხა, მეტოქის კარი თორნიკე ქართველიშვილმა აიღო. დარჩენილ დროში კსუ-მ აქტიურად შეუტია, 36-ე წუთზე გუნდმა 10 მეტრიანი საჯარიმო დარტყმის უფლებაც მოიპოვა, თუმცა ლაშა სიგუნავას გურამ ჯიჯელავამ აუღო. ბოლო წუთებში კსუ მეტოქის კარს ხუთი მოთამაშით უტევდა, ამით მეტოქემ ისარგებლა და ბოლო წუთზე ლევან კობაიძის გუნდმა საკუთარ კარში კიდევ ორი ბურთი მიიღო. გოლები ლევან სვანიძისა და ნიკა ხარატიშვილის ანგარიშზეა.

ოთხი ტურის შემდეგ ფუტსალის ლიგას 12 ქულით კვლავ თსუ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, 9 ქულით თელასი-ჯორჯიანსია.