სიახლეები

სფფ-ის აკადემიაში სასელექციო პროცესი მიმდინარეობს

აკადემია
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებში სასელექციო პროცესი მიმდინარეობს. რუსთავის აკადემიის პარალელურად, სფფ აკადემიის სელექციონერები ნიჭიერ ფეხბურთელებს ლაგოდეხის, ზუგდიდის და გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემიებისთვის არჩევენ. სასელექციო პროცესში მონაწილეობას სპეციალისტების მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები იღებენ. 

​ამ ეტაპზე რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში სელექციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, პროცესის ფარგლებში აკადემიის მწვრთნელები 2006 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს აკვირდებიან და საბოლოოდ მათგან 20 საუკეთესო კანდიდატს შეარჩევენ, რომლებიც კარიერას სფფ აკადემიაში გააგრძელებენ.

რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში სასწავლო პროცესი 4 თებერვალს დაიწყება. ყველა შერჩეული ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ იცხოვრებს აკადემიაში. სპორტულ მზადებასთან ერთად, თითოეული მათგანი სკოლაში გააგრძელებს სწავლას. სფფ-ის საფეხბურთო აკადემია საკუთარი აღსაზრდელებისთვის დამატებით გაკვეთილებსაც უზრუნველყოფს.

​საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემიებში მიმდინარე სასელექციო პროცესის და მომავალი სეზონისთვის მზადების შესახებ კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და სფფ აკადემიის მწვრთნელებმა ზვიად ჯელაძემ და შოთა კუციამ გააკეთეს:

? ალექსანდრე იაშვილი: "საფეხბურთო აკადემიაში ბავშვების მომზადებისთვის ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დღის პირველ ნახევარში ბავშვები სკოლაში არიან, რადგან ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტია, რომ საფეხბურთო უნარ-ჩვევებთან ერთად ჩვენმა მოთამაშეებმა სწორი განათლება მიიღონ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა აკადემია ერთი მეთოდოლოგიით მუშაობს. ანალოგიურ მეთოდოლოგიას ვიყენებთ ყველა ასაკობრივ ნაკრებში, აქედან გამომდინარე სფფ-ის აკადემიებიდან ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრილ ფეხბურთელებს ადაპტაცია ძალიან უადვილდებათ, რადგან მათ უკვე ზუსტად იციან თუ როგორია ჩვენი მიდგომა და საფეხბურთო ფილოსოფია."

? ​ზვიად ჯელაძე: "სელექციის მეორე ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილ ბავშვებს ორი დღის განმავლობაში დავაკვირდებით და ერთი კვირის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. აღნიშნული ორი დღის განმავლობაში მაქსიმალურად დავაკვირდებით თუ მომზადების რა დონეზე არიან აღნიშნული ფეხბურთელები. ​ამ პროცესის შემდეგ აკადემიის საბჭო გამორჩეულ მოთამაშეებს დაასახელებს და მათ საშუალება ექნებათ აკადემიურ ცხოვრებაში ჩაერთონ.

სელექცია მუდმივი პროცესია, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვები, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდებიან ჩვენს აკადემიაში მომავალში აუცილებლად ექნებათ კიდევ ერთი შანსი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აკადემიები რეგიონებშიც გვაქვს და ნიჭიერი მოთამაშეების გადანაწილება იქაც შეგვიძლია."

? შოთა კუცია: "საწვრთნელი პროცესის განახლება 4 თებერვალს იგეგმება. 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს ჩვენს აკადემიაში ყოფნა დაახლოებით 2 წელი მოუწევთ, პირველ წელს ისინი 15-წლამდე ჭაბუკთა ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, მომავალ წელს კი 17-წლამდე ლიგაში ჩავერთვებით."