საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. 28 იანვარს ავთანდილ ასათიანის გუნდმა არასრული შემადგენლობით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების ორი ლეგიონერი - ირაკლი თოდუა და ელისანდრო დედაქალაქში მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვლენ.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს. უახლოესი მატჩის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გააკეთეს:
? ავთანდილ ასათიანი: "რუსეთის წინააღმდეგ რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა გუნდს აქვს მინუსები და ჩვენ სწორედ ისინი უნდა ვიპოვოთ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის თამაშში. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.
სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ვერ დაგვეხმარება სიმი საიოტი, რომელიც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მძიმე ტრავმის გამო გამოგვაკლდა. ვეცდებით, რომ სიმი ღირსეულად შევცვალოთ."
? ზვიად კუპატაძე: "გუნდში საბრძოლო განწყობაა, ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომლის წინააღმდეგ ღირსეულად თამაში არ შეგვიძლია. რუსეთის ნაკრები არამხოლოდ ჩვენი ჯგუფის ფავორიტი, არამედ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.
სამწუხაროდ, შეხვედრა მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, მაყურებლის გარეშე გაიმართება და გულშემატკივრების ემოცია ნამდვილად დაგვაკლდება. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ საინტერესო მატჩს ვიხილავთ."
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ,თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)
წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (აელი, ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვ, ლატვია), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი ), რონინიო (ხერსონი, უკრაინა).
საქართველოსა და რუსეთის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 თებერვალს, 18:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
ამავე მიზეზით, მატჩზე შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან მედიის წარმომადგენლები. აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ბმული. მოთხოვნის გამოგზავნა შესაძლებელია 31 იანვრის ჩათვლით.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ამ დროისთვის ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული. საფრანგეთისა და საქართველოს პირველი მატჩი 2020 წლის, 8 დეკემბერს, ფრედ 4:4 დასრულდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი:
2 თებერვალი
საქართველო - რუსეთი
5 მარტი
საქართველო - სომხეთი
10 მარტი
სომხეთი - საქართველო
9 აპრილი
საქართველო - საფრანგეთი
12 აპრილი
რუსეთი - საქართველო
ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეიოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს, აღნიშნული ქვეყნის ნაკრებმა ევროსაგზური საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, მასპინძლის სტატუსით უკვე მოიპოვა.