სიახლეები

აღმასრულებელმა კომიტეტმა 2021 წლის სეზონის შესახებ იმსჯელა

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

25 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ეპიდვითარების გათვალისწინებით აღმასკომის წევრებმა სხვდასხვა საკითხის შესახებ ონლაინ რეჟიმში იმსჯელეს.

​აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის შესახებ იმსჯელეს. ძირითადი ცვლილება ლიგა 3-ს და ლიგა 4-ს შეეხო, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ლიგა 3-ში ახალი სეზონიდან 14 გუნდი იასპარეზებს, ლიგა 4-ში კი, 20. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში გუნდების ინიციატივით აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის სეზონში ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებს გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების განხორციელება შეეძლებათ. უცვლელი დარჩა მატჩის ოქმში ფეხბურთელების რაოდენობა და ის კვლავ 20 მოთამაშეს შეადგენს.

​ლიგებში მონაწილე გუნდების რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე 2021 წლის სეზონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგების ფორმატის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტი მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

აღმასრულებელმა კომიტეტმა იმსჯელა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელებიც საქართველოში 2020 წელს განხორციელდა, განხილვა ასევე შეეხო 2021 წელს დაგეგმილ პროექტებს და ამ პროექტებში ფიფას და უეფას ჩართულობას. აღმასკომის გადაწყვეტილებით ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაში დასახმარებლად ფეხბურთის ფედერაცია უეფას მიმართავს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიაა. შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების აკადემიის მშნებელობა იგეგმება, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასთან, ტრიბუნებთან და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად ორ ბუნებრივ და ორ ხელოვნურ საფარიან მოედანს მოიცავს.