საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი მიმდინარე წელს მწვრთნელთა განათლების პროგრამებში მეკარეთა მწვრთნელების B ლიცენზიის კურსის ინტეგრაციას გეგმავს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სფფ-ის წარმომადგენლებმა უეფას მეკარეების მწვრთნელების ექსპერტთან მარტ პუმთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. მეკარეთა მწვრთნელების B ლიცენზიის კურსი საქართველოში გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა Covid 19-ის პანდემიის გამო პროცესი 2021 წლისთვის გადაიდო. შეხვედრაზე, მხარეებმა სწორედ მიმდინარე წელს კურსების გამართვის შესაძლებლობაზე იმსჯელეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტისა და უეფას წარმომადგენლის კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ მეკარეთა მწვრთნელების B ლიცენზიის პირველი კურსი საქართველოში 2021 წლის აპრილში დაიწყება. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების მეკარეების მწვრთნელები მიიღებენ.