სიახლეები

ფუტსალის ლიგის 2021 წლის სეზონი უხვგოლიანი მატჩებით დაიწყო

ფუტსალი
გაუზიარე

20 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული პირველი ტურის მატჩებით საქართველოს ფუტსალის ლიგის 2021 წლის სეზონი დაიწყო.

განახლებული სეზონის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ილიაუნი და თბილისი დაუპირისპირდნენ. ილიაუნიმ მატჩი აქტიურად დაიწყო, მე-3 წუთზე საბა მაჩიტიძემ ანგარიში გახსნა, მე-5 წუთზე კი, გოგა მამულაშვილმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ცუდი სტარტის მიუხედავად თბილისმა თამაშში დაბრუნება მალევე შეძლო, მე-6 წუთზე ბურთი საკუთარ კარში გოგა მამულაშვილმა ჩაჭრა. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. თბილისმა წონასწორობის აღდგენა მეორე ტაიმის სტარტზე მოახერხა, 22-ე წუთზე მეტოქის კარი ოთარ ბერეჩიკაძემ აიღო. მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, საბოლოოდ კი გოლი კვლავ თბილისმა გაიტანა. 31-ე წუთზე ბერეჩიკაძემ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს დრამატულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

პირველი სათამაშო დღე თელასი-ჯორჯიანსისა და კსუ-ს დაპირისპირებით გაგრძელდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და თელასი-ჯორჯიანსის გამარჯვებით ანგარიშით - 3:1 დასრულდა. მეხუთე წუთზე კახაბერ მაისაიას გოლით კსუ დაწინაურდა, მე-10 წუთზე კი, მეტოქის კარი ვახტანგ ჯვარაშვილმა აიღო და ანგარიში გაათანაბრა. ავთანდილ ასათიანის გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა თემურ ექიზაშვილმა, რომელმაც მეორე ტაიმში, 21-ე და 30-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა.

ფუტსალის ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი ტური უხვგოლიანი მატჩით დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა თსუ-მ დებიუტანტი პსპ დიდი ანგარიშით - 6:2 დაამარცხა. არადა მატჩის პირველი ნახევარი თსუ-მ მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლის ავტორი მე-18 წუთზე გიორგი სილაგავა გახდა. პსპ-მ მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება შეძლო, 26-ე წუთზე მეტოქეს გურამ გოგიჩაიშვილმა გაუტანა. 28-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძის გოლის კვლავ თსუ დაწინაურდა, მაგრამ ამავე წუთზე პსპ-ს სასარგებლოდ სპარტაკ ლომიძე გაიტანა და ანგარიში ისევ გათანბრდა - 2:2. საბოლოოდ, დავით ბობოხიძის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მატჩის მიწურულს მოახერხა. 31-ე წუთზე პსპ-ს კარში მესამე გოლი გიორგი სილაგავამ გაიტანა. 32-ე და 38-ე წუთებზე ჩიმაკაძემ და სილაგავამ დუბლი გაიფორმეს და 5:2. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 39-ე წუთზე თსუ-ს მეკარემ ალი ასლანმა დააფიქსირა, რომელმაც მეტოქის კარი საკუთარ ნახევრიდან აიღო.

პირველი ტურის მატჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

​ფუტსალის ლიგის მეორე ტურის მატჩები 24 იანვარს გაიმართება, რის შემდეგაც ჩემპიონატში სანაკრებო პაუზა გამოცხადდება. 

​ფუტსალის ლიგა 2021 | მეორე ტური

პსპ 13:00 თბილისი
​კსუ 15:00 ილიაუნი
​თსუ 17:00 თელასი