2020 წლის უეფას Grassroots Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული, სფფ-ის გრასრუტის კოორდინატორი - ჯესი სურმავა გახდა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჯესი სურმავას ჯილდო წლის საუკეთესო გრასრუტ ლიდერის ნომინაციაში გადასცა. აღნიშნულ ნომინაციაზე ქართველი გრასრუტის კოორდინატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა.
ჯესი სურმავამ მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სკოლა დაარსა, სადაც 300-ზე მეტი ადგილობრივი ბავშვი ვარჯიშობს. სფფ-ის გრასრუტის კოორდინატორი, უეფამ სწორედ ამ პროექტის განხორციელების გამო დააჯილდოვა.
უეფას Grassroots Awards-ი 2010 წლიდან იმართება, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გამარჯვებულებს ხუთ ნომინაციაში ასახელებს - საუკეთესო გრასრუტ პროექტი, საუკეთესო გრასრუტ ლიდერი, საუკეთესო გრასრუტ კლუბი, საუკეთესო ინიციატივა შშმ პირებისთვის და საუკეთესო პროფესიული საფეხბურთო კლუბი. ყოველ წლიურად უეფა აჯილდოებს იმ ადამიანებს და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ასაკის, შესაძლებლობების, სქესის და სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე ადამიანების ფეხბურთში ჩართულობას.
დაჯილდოების დაარსებიდან დღემდე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჯილდოები 36 ქვეყნის 96 წარმომადგენელს გადასცა. ჯესი სურმავა გახდა პირველი ქართველი, რომელმაც უეფას Grassroots Awarads-ის ოქროს ჯილდო მოიგო, ხოლო ვერცხლის პრიზი 2018 წელს უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მოყვარულთა ლიგის და თასის კონცეფციისთვის გადაეცა.
? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ეს ჯილდო ძალიან საამაყოა, მინდა პირველ რიგში მივულოცო ჯესის, მთლიანად ჩვენს გუნდს და ქართულ ფეხბურთს. ჯესი არის მაგალითი იმ სხვა უამრავი ადამიანებისთვის ვინც ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობენ. მე პირადად ვისურვებდი, რომ ყველა რეგიონში გვყავდეს მისნაირი ადამიანი. ჯესის მიერ განხორციელებული პროექტი მარტვილელი ბავშვებისთვის ფეხბურთში ჩართულობის მხრივ ძალიან ხელშემწყობი იყო.
ამ პროექტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ კუთხით, რომ დღეს ჩვენ ბევრად მეტი ადამიანი და ბავშვი გვყავს ჩართული ფეხბურთი ვიდრე მანამდე.
ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებიც შესაძლოა წლების განმავლობაში აღარ თამაშობენ ფეხბურთს და ამ პროექტმა სწორედ ეს შეძლო."
? ჯესი სურმავა - სფფ-ის გრასრუტის კოორდინატორი: "2011 წელს მარტვილი იყო პირველი პრეცენდენტი, რომელმაც შეძლო მუნიციპალურ ბალანსზე ჩამოეყალიბებინა საფეხბურთო სკოლა. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მასობრივი ფეხბურთის განვითარება და სწორედ ეს გახდა ამ საფეხბურთო სკოლის დაარსების საფუძველი.
ბავშვების პიროვნულ ჩამოყალიბებაში ჩვენი საფეხბურთო სკოლა უდიდეს როლს თამაშობს. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისნი ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებიან.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასობით ადამიანს ჯანსაღად ცხოვრების საშუალება მივცეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაუარესებული სოციალური მდგომარების ფონზე.
კმაყოფილი ვართ იმით რა სახით დღემდე მოვედით, მომავალში კი ჩვენ რეგიონში გვექნება ის ბაზა, რომელიც სრულად მოემსახურება როგორც სასკოლო განათლებას ასევე მასობრივ ფეხბურთს."
? ნიკა ჯღარკავა - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: "ის ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაატყდა თავს, ადეკვატურად აისახა შემდეგ ქართულ ფეხბურთზეც, თუმცა დღეს გვაქვს გამოღვიძების პერიოდი."