2019 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის ჩემპიონი "ლანჩხუთი" უეფას ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ლანჩხუთელებმა სტუმრად რუმინული კლუჟის "ოლიმპია" ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. მატჩის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა.
2020-2021 წლების სეზონისთვის უეფას გადაწყვეტილებით ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა. ახალი სეზონიდან გათამაშება ჯგუფური ეტაპის ნაცვლად პლეი-ოფის სისტემით გაიმართება, გუნდები ერთმანეთს ორმატჩიან დაპირისპირებაში შეხვდებიან და მასში მონაწილეობას ევროპის საუკეთესო 32 გუნდი მიიღებს.
"ლანჩხუთის" მომავალი მეტოქე 24 ნოემბერს დაგეგმილ 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრაზე გაირკვევა. 2020-2021 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9-10 დეკემბერს და 15-16 დეკემბერსაა დაგეგმილი.