სიახლეები

სფფ-ის განცხადება მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.

ვლადიმირ ვაისთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი - ოფის ფინალში ითამაშა.

ვლადიმირ ვაისის მატჩების სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში - 16/15/16.

გვსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადოთ სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფს ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირის და რომან შვანტნერის შემადგენლობით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობდნენ. ასევე მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.

რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს.

39 წლის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით.

?ალექსანდრე იაშვილი - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: "გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

რაც შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს  ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს."