სიახლეები

უეფას ერთა ლიგა | საქართველო 1:2 სომხეთი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა "დინამო არენაზე" სომხეთის წინააღმდეგ გამართა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით - 2:1 დასრულდა. 

შეხვედრაში პირველი გოლი 33-ე წუთზე გავიდა, საკუთარი გუნდის კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით გევორქ ღაზარიანმა დაასრულა. მატჩი საქართველოს ნაკრების შეტევებით გაგრძელდა და პირველი ტაიმის დასასრულს ანგარიშის გათანაბრების შანსი ელგუჯა ლობჯანიძეს ჰქონდა, ჩვენი გუნდის შემტევის თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ნახევარში მოახერხა. 65-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ვაკო ყაზაიშვილმა ელგუჯა ლობჯანიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია. ამ ეპიზოდის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტია და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. საბოლოოდ, სტუმრებმა კიდევ ერთი შედეგიანი კონტრშეტევა განახორციელეს და გამარჯვების გოლი გაიტანეს. 86-ე წუთზე გიორგი მაკარიძის კარი სარგის ადამიანმა აიღო. 

სომხეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბექა მიქელთაძის დებიუტი შედგა. ახალგაზრდა შემტევი თამაშში მე-80 წუთზე ვაკო გვილიას მაგივრად ჩაერთო. 

ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ განვლილი მატჩი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა:

? ვლადიმირ ვაისი: "სამი დღის უკან ჩვენ გვქონდა შანსი, რომ საქართველოს გმირები გავმხდარიყავით და ყველა ქართველი გაგვეხარებინა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და დღეს არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით. დღეს ცუდად არ გვითამაშია, თუმცა სამი შეცდომა დავუშვით, მეტოქემ სამი კონტრშეტევა განახორციელა და ორი გოლი გაგვიტანა. ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ პენალტით მოვახერხეთ. ის, რომ შეტევაში პრობლემები გვაქვს ჩემთვის და ქართულ ფეხბურთში მოღვაწე სხვა ადამიანებისთვის სიახლე არაა. შეტევის დასრულება ძალიან გვიჭირს, უამრავ შანსს ვქმნით, მაგრამ გოლი ვერ გაგვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა.

მომენტების გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ სომხეთთან პირველი თამაშიც უნდა მოგვეგო. იგივეს თქმა შეიძლება ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სტუმრად გამართულ შეხვედრაზეც. სკოპიეში 10 ფეხბურთელის წინააღმდეგ ვთამაშობდით, მაგრამ ბოლო წუთზე საკუთარ კარში პენალტი მივიღეთ და მატჩი ფრედ დასრულდა. ეს კონცენტრაციის ნაკლებობის ბრალია. ვფიქრობ, რომ ანალოგიური პრობლემა იყო დღესაც, შეტევაში ბურთის დაკარგვის შემდეგ მეტოქისთვის სივრცეების შეზღუდვა ვერ მოვახერხეთ და გოლი მივიღეთ. ამ დონის თამაშებში ეს წარმოუდგენელი შეცდომაა.

საქართველოში კარგი პერიოდი გავატარე, აქ ხუთი წელი ვიმუშავე და ეს პატარა დრო არ არის. ამ დროის განმავლობაში მე ქართულ ფეხბურთში მთელი გული ჩავდე, ახლა რაც ხდება ეს ჩემთვის დაუჯერებელია და შეიძლება ითქვას, რომ ტრაგედიაცაა. სამი დღის უკან მოლოდინი გვქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოვახერხებდით, მაგრამ ჩვენ დავმარცხდით და ეს სპორტული ტრაგედიაა. სომხეთის წინააღმდეგ რვა ახალი ფეხბურთელი გამოვიყენე. ისიც უნდა ითქვას, რომ სომხეთის ნაკრებს კარგი დონის შემტევები ყავს, დღევანდელი გოლის ავტორს ორი მომენტი დასჭირდა, რომ  გაეტანა, ჩვენ კი ხუთი კარგი შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ."

საქართველო 1:2 სომხეთი

თბილისი, "დინამო არენა"

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (80' კვეკვესკირი), კანკავა, დავითაშვილი (56' ყაზაიშვილი), გვილია (80' მიქელთაძე), ლობჟანიძე (80' პაპუნაშვილი), ლობჯანიძე (68' კაჭარავა) 

სათადარიგო შემადგენლობა: ლორია, კუპატაძე, დვალი, კაკაბაძე, კაშია, კობახიძე, ტაბიძე 

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი 

სომხეთი: იურჩენკო, ა. ჰოვანისიანი (69' ს. გრიგორიანი), კალისირი, ჰაროიანი, ამბარცუმიანი, ღაზარიანი (77' ბიჩაჩხიანი), ა. გრიგორიანი, უდო (77' მურადიანი), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (77' კორიანი), ადამიანი (89' თ. ვოსკანიანი) 

სათადარიგო შემადგენლობა: მელიქსეტიანი, შაჰატუნი, აკობიანი, კ. ჰოვანისიანი, იშხანიანი, ა. ვოსკანიანი 

მთავარი მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი 

მსაჯები: მარკო გუიდა (იტალია), მატეო პასერი (იტალია), სერხიო რანგეტი (იტალია), როსარიო აბისო (იტალია) 

გაფრთხილება: 35' გრიგორიანი, 76' აბურჯანია

გოლები: 0:1 ღაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (პენ.) (65), 1:2 ადამიანი (86)

ერთა ლიგის C ლიგის მეორე ჯგუფში 15 ნოემბერს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, ჩრდილოეთ მაკედონიამ საკუთარ მოედანზე ესტონეთს უმასპინძლა და მეტოქე ანაგრიშით - 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მიმდინარე სეზონის დასკვნით შეხვედრას 18 ნოემბერს კვლავ "დინამო არენაზე" ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.