სიახლეები

უეფას ერთა ლიგა | საქართველო - სომხეთი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში 14 ნოემბერს, ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 27 ფეხბურთელი მონაწილეობდა. უკვე ცნობილია, რომ სომხეთთან შეხვედრას, ყვითელი ბარათების გამო მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია გამოტოვებენ. ამასთანავე ქართველ თავდამსხმელს მცირე ტრავმაც აწუხებს.

14 ნოემბერს ვლადიმირ ვაისმა და საბა ლობჟანიძემ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. პრესკონფერენცია სასტუმრო ჰუალინგში გაიმართა.

ვლადიმირ ვაისი: "იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები კარგ თამაშს და განწყობას აჩვენებენ."

? ვლადიმირ ვაისი: "ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის შემდეგ, მძიმე ღამე იყო. ფიქრობ ამ დღეზე, მაგრამ ახლა ეს ისტორიაა. ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, რადგან ეს თამაში 0:1 წავაგეთ. ერთი შეცდომა დავუშვით დაცვაში და თამაში ჩრდილოეთ მაკედონიამ მოიგო. მათ წინა თამაშებში, ყველა მცირე შანსიც გამოიყენეს, რათა გოლი გაეტანათ. ხარისხი აჩვენეს მათმა გამოცდილმა მოთამაშეებმა. ჩვენ წინა თამაშებში ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ არა ამ შეხვედრაში. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ეპიზოდს, რომელშიც კრეატიულობა დაგვაკლდა და დავმარცხდით.

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო, ასეთი დამწუხრებული არასდროს ვყოფილვარ. მეც და ჩვენი ბიჭებიც, ასევე ყველასთვის ძალიან უიღბლო დღე გამოდგა. ასეთი შანსის გამოუყენებლობა დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ახლა შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით, რომელიც სომხეთის წინააღმდეგ უნდა გავმართოთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ თავი მაღლა აწიონ და მაქსიმუმი გავაკეთოთ ხვალინდელი შედეგისთვის.

ვფიქრობ, რომ ხვალინდელ თამაშს ვინც მოიგებს, ის იქნება ერთა ლიგის ჩვენი ჯგუფის გამარჯვებულიც. სამომავლოდ ახალ ლიგაში უფრო ძლიერ გუნდებთან თამაში ამ ბიჭებს ნამდვილად გამოადგებათ.

ხვალ ვნახავთ, როგორ იქნება ახალი სტარტი რადგან ასეთი იმედგაცრუების შემდეგ რთულია, მაგრამ განწყობა უნდა დავიბრუნოთ. მომდევნო თამაშში შანსი მიეცემა რამდენიმე მოთამაშეს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო.

გუშინ შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ ამ მატჩის შესახებ, ამ წარუმატებელი თამაშის შესახებ, ყველა ძალიან იმედგაცრუებულია, ზოგი ტიროდა, ზოგი ძალიან გადაღლილია. ბიჭებს ასევე შეხვდა ლევან კობიაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტი და ძალიან ემოციურად ესაუბრა მათ. ის ნამდვილად კარგი პრეზიდენტია. მე და ლევანმაც ვისაუბრეთ. ძალიან დიდი ემოციაა, ეს ისტორიული თამაში იყო და წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. წინ ორი თამაში გვაქვს და  ვეცდებით, რომ ქართული ფეხბურთის მომავლისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ. თუმცა ადვილი არ არის საუბარი და მუშაობა წაგებული თამაშის შემდეგ, როდესაც ყველა დემოტივირებულია. მაგრამ ჩვენ კარგი მოთამაშეები გვყავს და ხვალ კარგი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ.

რამდენიმე დღეში ეს გუნდი სლოვაკი მწვრთნელების გარეშე გააგრძელებს მუშაობას როდესაც ახალი მწვრთნელი მოვა, ახალ განწყობას შემოიტანს გუნდში ეცოდინება თითოეული ფეხბურთელის ხარისხი, თვისებები  და შეეცდება ახალი შემართებით შექმნას იმედი ქართული ფეხბურთის მომავლისათვის. არ ვიცი შემდეგი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალ მწვრთნელი თუ თემურ ქეცბაიას და ჩემი თვისებების ნაზავი იქნება ამ გუნდისთვის შეიძლება უკეთესი იყოს. ვნახოთ მომავალში ვინ იქნება ამ პოზიციაზე, თუმცა ვიცი, რომ მომავალი მწვრთნელი კარგ გუნდს ჩაიბარებს, რომელსაც კარგი მომავალი აქვს და ჰყავს კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები.

ეს ხუთი წელი ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემ გულში. სადაც არ უნდა ვიმუშაო მომავალში, ყოველთვის მემახსოვრება ქართული ფეხბურთი და ეს მოთამაშეები, ამ ბიჭებს და ყველას მინდა, ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ მათ შორის ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს, ფედერაციის თანამშრომლებს, აუცილებლად ვუგულშემატკივრებ ჩვენ მოთამაშეებს და მივადევნებ თვალს მათ თამაშს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.

როდესაც სლოვაკეთის ნაკრებს ვწვრთნიდი, სომხეთთან ორჯერ დავმარცხდით, მაგრამ ალბათ გახსოვთ, რომ პოლონეთში, ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. იმედი მაქვს, რომ ხვალ პირველ გამარჯვებას მივაღწევ სომხეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები კარგ თამაშს და განწყობას აჩვენებენ. მე არ მეშინია ამ თამაშის, მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, ასევე იმ მოთამაშეების,რომლებიც ხვალ გავლენ მოედანზე."

საბა ლობჟანიძე: "საკმარისი მიზეზი გვაქვს, რომ ხვალ კარგი თამაშ ვაჩვენოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ."

? საბა ლობჟანიძე: "რა თქმა უნდა, რეალობას ნამდვილად ვერ გავექცევით, რთული და სტრესული სიტუაციაა. ბიჭები ყველანი ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. ვფიქრობ, რომ ლაპარაკზე მეტად, ყველაზე კარგი რეაბილიტაცია მოქმედებაა და ხვალ  ერთ-ერთი ის დღეა, როდესაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ და რეაბილიტაცია მოვახდინოთ. რა თქმა უნდა, ამ თამაშით ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაშია და ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ.

საკმარისი მიზეზი გვაქვს, რომ ხვალ კარგი თამაშ ვაჩვენოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელებმა უნდა ვიფიქროთ მხოლოდ თამაშზე და გამარჯვებაზე."

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

საქართველო - სომხეთის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.