სიახლეები

საქართველო 0:1 ჩრდ. მაკედონია

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. თბილისის "დინამო არენაზე" გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.  მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა. საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით გორან პანდევმა დაასრულა. აღნიშნული გამარჯვებით ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ განვლილი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა:

? ვლადიმირ ვაისი: "ძალიან ვწუხვარ ასეთი თამაშის გამო, დღეს არ იყო ჩვენი დღე. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველა ქართველი გაგვეხარებინა, მაგრამ დავმარცხდით. ბოდიში ფეხბურთელებს, ფედერაციას, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს.

დღეს მაკედონიამ გაიტანა გოლი, ჩვენზე ოდნავ უკეთესი გუნდი იყო და მინდა მივულოცო მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენ შინ ვრჩებით. ყველასთვის უიღბლო დღე გამოდგა და ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ახლა გვაქვს ერთა ლიგის ორი თამაში და ამ ორი თამაშის შემდეგ შეგიძლიათ დაელოდოთ ახალ მთვარ მწვრთნელს, რომელიც მოიტანს ახალ იმედს და სულისკვეთებას.

ჩემი დრო ამოიწურა, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. სრულდება ჩემთვის ძალიან კარგი ხუთწლიანი პერიოდი, რომელიც ნამდვილად არ იყო იოლი.

სამწუხაროდ, დღეს ყველა აცრემლებული და სევდიანია. ყველას უკეთესი შედეგი გვინდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. მეტოქემ გამოიყენა ერთი შანსი და ჩვენ ვერაფერი. ვერ ვაჩვენეთ უფრო მეტი ხარისხი შეტევაში."

საქართველო 0:1 ჩრდ. მაკედონია

თბილისი, "დინამო არენა"

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია (88' ჯიღაური), დვალი (90+2' დავითაშვილი), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (90+2' ხოჭოლავა), გვილია (80' პაპუნაშვილი), ოქრიაშვილი, კაჭარავა (80' ლობჯანიძე)
 
სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, მაკარიძე, აბურჯანია, დაუშვილი, გრიგალავა, ლობჟანიძე, ნავალოვსკი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრევსკი, ბეითულაი, მუსლიუ, ველკოვსკი, რისტოვსკი (89' ზაიკოვი), ალიოსკი, ნიკოლოვი (84' კოსტადინოვი), ადემი (67' სპიროვსკი), ელმასი, პანდევი, ნესტროვოსკი (89' ტრიცკოვსკი)

სათადარიგო შემადგენლობა: ბოგატინოვი, სისკოვსკი, სტოიანოვსკი, ტოტრე, ტრაიკოვსკი

მთავარი მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი

მსაჯები: ენტონი ტეილორი (ინგლისი), გარი ბესვიკი (ინგლისი), ადამ ნუნი (ინგლისი), კრეიგ პოუსონი (ინგლისი)

ვიდეო-რეფერი: სტიუარტ ეტველი (ინგლისი), პოლ ტირნი (ინგლისი)

გაფრთხილება: 62' ნიკოლოვი, 75' კაშია, 78' ოქრიაშვილი, 82' ნესტოროვსკი, 90+3' კოსტადინოვი

გოლი: 0:1 პანდევი (56)

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ შეხვედრას 15 ნოემბერს ერთა ლიგის ეგიდით გამართავს. მეხუთე ტურის მატჩში ჩვენი გუნდი "დინამო არენაზე" სომხეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. 18 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები წლის დასკვნის შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპრიდებიან.