საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალამდე ბოლო ვარჯიშს დინამო არენაზე გამართავს. 11 ნოემბერს, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. უკვე ორი დღეა საქართველოს ნაკრები მატჩისთვის ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიშობს. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. სავარჯიშო პროცესის პარალელურად, ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი შეხვედრისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
? თორნიკე ოქრიაშვილი: "ჩრდილოეთ მაკედონია კარგი გუნდია, ერთმანეთს უკვე ორჯერ ვეთამაშეთ და ერთმანეთის სუსტი წერტილები კარგად ვიცით, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მოგების გარდა სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. გუნდში საუკეთესო განწყობაა, ყველანი მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას.
ძალიან შეკრული გუნდი ვართ, საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ჩვენ როგორც მოედანზე ისე მის მიღმა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ, რომ ეს განწყობა თამაშზეც დაგვეტყო. ბოლომდე ვიხარჯებით და სწორედ ეს მგონია იმის მიზეზი, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლას ვაგრძელებთ.
გულშემატკივრებისგან უამრავი შეტყობინება მივიღე და ვიცი, რომ ყველა ელოდება ამ თამაშს. მადლობა მათ გამამხნევებელი სიტყვებისთვის."
? ოთარ კაკაბაძე: "სამწუხაროა,რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობით გავალთ. ეს ფინალია და ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავამტკიცოთ.
ყველა ჩვენგანის კარიერაში ეს ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ."
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)
11 ნოემბრის განრიგი
17:00 - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
17:30 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში
18:30 - იგორ ანგელოვსკის პრესკონფერენცია
19:00 - ჩრდილოეთ მაკედონიის ვარჯიში
დინამო არენაზე დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება,რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელს გამოავლენს, 12 ნოემბერს 21 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.