სიახლეები

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა

სფფ
გაუზიარე

ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასრულდა. 27 ოქტომბერს დასრულებული სტადიონი საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვეტერან ფეხბურთელებთან და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად მოინახულეს.

ღონისძიების ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. საკუთარ სიტყვაში თითოეულმა მათგანმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფეხბურთის გულშემატკივრებს ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება მიულოცა.

? ლევან კობიაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "დღევანდელ დღეს, არამარტო ბათუმელები არამედ თითოეული ჩვენთაგანი წლების განმავლობაში ველოდებოდით. ამაყი და ბედნიერ ვარ, რომ ბათუმელმა გულშემატკივარმა, რომლებიც ჩემი აზრით, ყველაზე პატივსაცემი ადამიანები არიან, მიიღეს, ის რისთვისაც ჩვენთან ერთად წლების განმავლობაში იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის წარმატების საფუძველი იქნება.

ბათუმის ახალი სტადიონი ყველნაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, ამ არენაზე ჩვენ უმაღლესი დონის საკლუბო და სანაკრებო მატჩების მასპინძლობა შეგვიძლია.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ოცნების ახდენაში. ამ ქალაქს ეს სტადიონი სჭირდებოდა და ამაყი ვარ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს შევძელით."

ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა.

საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები, მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც  შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით  განათდება (საქართველოს დროშის, საქართველოს გერბის, აჭარის დროშის და სხვა.)

ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საფეხბურთო სტადიონი გარდა სპორტული აქტივობებისა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს.