საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას პოლონეთში გამართავს. უეფას გადაწყვეტილებით, მატჩი, რომელიც ერევანში უნდა გამართულიყო, პოლონეთის ქალაქ ტიხში შედგება.
საქართველოს ნაკრები შეხვედრის მასპინძელ ქვეყანაში მატჩამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისიდან ქალაქ კატოვიცეში ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა.
მატჩამდე 24 საათით ადრე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ტიხის ცენტრალურ სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშა. პოლონეთში ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელთან ერთად იმყოფება. გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილ შეხვედრებს ტრავმის გამო გამოტოვებენ.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ასევე ეროვნული ნაკრების წევრებმა გიორგი აბურჯანიამ და ლევან შენგელიამ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.
? ვლადიმირ ვაისი: "ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება. ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია. ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან.
წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.
ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ, სადაც პლეი-ოფის ფინალის საგზური მოვიპოვეთ, უკვე ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით. სომხეთს მხითარიანის სახით დიდი ვარსკვლავი ჰყავს. ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენს მოწინააღმდეგეს ასევე საკმაოდ გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი ჰყავს."
? გიორგი აბურჯანია: "ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებით დავასრულეთ ბელარუსთან თამაში. მოედანზე კარგი განწყობით გავალთ და შევეცდებით ეს ყველაფერი შედეგში ავსახოთ. ქართული ფეხბურთისთვის მნიშნველოვანია С ჯგუფშიც წარმატების მიღწევა და შევეცდებით ხვალინდელი თამაშით, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ."
? ლევან შენგელია: "პირველ რიგში მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ბელარუსთან გამარჯვება, ახლა რაც შეეხება სომხეთთან თამაშს, მნიშვნელოვანი იქნება კონცეტრირება მოვახდინოთ კონკრეტულად ამ თამაშზე და წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენთვის პრირიტეტულია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა და B ლიგაში გადასვლა."
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)
სომხეთი - საქართველოს მატჩის მთავარი მსაჯი ხორვატი ივან ბებეკი იქნება. ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ქალაქ ტიხის სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.