სიახლეები

ევრო 2020 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ფინალში იასპარეზებს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში თბილისის "დინამო არენაზე" ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით - 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მეშვიდე წუთზე გავიდა. თორნიკე ოქრიაშვილმა მისი წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი 12 ნოემბერს, თბილისში, დინამო არენაზე გაირკვევა. საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია იქნება.​

მატჩის დასრულების შემდეგ ბელარუსთან გამართული შეხვედრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა შეაფასეს:

? ვლადიმირ ვაისი: "დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურდა ხარისხიანი ფეხბურთი გვეჩვენებინა, მაგრამ ყველაზე მთავარი გამარჯვება და ჩვენ ეს შევძელით. ყველანი ბედნიერები ვართ, მიზნამდე ერთი ნაბიჯი გვრჩება.

ძალიან კარგად დავიწყეთ, სამი კარგი მომენტი გვქონდა. პირველი გოლის შემდეგ კარგი იქნებოდა მეორეც გაგვეტანა და ეს მატჩის სრულად გაკონტროლების საშუალებას მოგვცემდა. რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა და ვწუხვარ, რომ ვერ გამოვიყენეთ.

ნიკა კვეკვესკირს და ჯაბა კანკავას ყვითელი ბარათები ჰქონდათ, ეს ძალიან სახიფათო იყო ჩვენთვის, მაგრამ მათი შეცვლა არ შემეძლო, რადგან ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

ჩვენმა დაცვამ ძალიან კარგად ითამაშა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოლის გაუშვებლად მოვიგეთ. ახლა დავისვენებთ და მომავალი მატჩებისთვის მოვემზადებით.

სომხეთის წინააღდეგ სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, ამ გუნდის წინააღმდეგ ჯერ არ მომიგია და იმედი მაქვს, რომ ამჯერად ამას შევძლებ. შემადგენლობაში 4-5 ცვლილება იქნება, ბიჭები როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად ძალიან დაიღალნენ. კაკაბაძე და კაშია სავარაუდოდ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებენ. ასევე მინდა შანსი მივცე სხვა მეკარეს.

თორნიკე ოქრიაშვილი ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელია, მისი მოპოვებული და გატანილი 11-მეტრიანით მოვიგეთ.

ფინალურ შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსამზადებელი ეტაპი და ფეხბურთელთა სათამაშო პრაქტიკა კლუბებში.”

? გურამ კაშია: "პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივარს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას, ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა. სასიამოვნოა, რომ დღეს დამსახურებულად მოვიგეთ. პირველ ტაიმში კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მეორე ნახევარში ძირითადი აქცენტი დაცვაზე გავაკეთეთ. მიზნამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, დღეს, რა თქმა უნდა, კარგი რამ მოხდა, მაგრამ ხვალიდან უკვე შემდეგი თამაშისთვის მზადება უნდა დავიწყოთ.

გულშემატკივრების მხარდაჭერას ყველა ვგრძნობთ, ჩვენთვის ეს დიდი მოტივაციაა. მსურს, გვერდში დგომა ასე გააგრძელონ, რადგან მიღწეულ წარმატებაში მათ უდიდესი როლი აქვთ.

ფინალში მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. საკმარისი დრო გვაქვს, რომ მოვემზადოთ და ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ."

? ნიკა კვეკვესკირი: "მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას, ბრძოლა მოვიგეთ, ომი წინ არის. განსაკუთრებით მინდა მივულოცო იმ 55 ათას ადამიანს, ვინც ბილეთები შეიძინა, უნდა გაევსო სტადიონის ტრიბუნა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო დღეს სტადიონზე ვერ მოხვდა.

მოზღვავებული ემოცია მაქვს და კონკრეტულად თამაშზე საუბარი რთულია, მნიშვნელოვანი იყო დღეს გამარჯვება და პლეი-ოფის ფინალში გასვლა. ველოდებით მომდევნო მეტოქეს. თუ ასეთი განწყობით ვითამაშებთ, წარმატება აუცილებლად გვექნება."

​საქართველო 1:0 ბელარუსი

თბილისი, დინამო არენა

​საქართველო: ლორია, დვალი, კაკაბაძე (82' ტაბიძე), კანკავა, კაშია, კიტეიშვილი (65' გვილია), კვარაცხელია (90' ლობჟანიძე), კვეკვესკირი, კვირკველია, ოქრიაშვილი (89' ქვილითაია), ყაზაიშვილი (81' შენგელია)

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, აბურჯანია, დაუშვილი, გრიგალავა, ჯიღაური, კაჭარავა

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბახარი (63' პოდსტრელოვი), ბორდაჩევი (73' პეჩენინი), ებონგი, ხაჩატურიანი (46' მაევსკი), ლისაკოვიჩი (70' ლაპტევი), მარტინოვიჩი, ნაუმოვი, ნეხაიჩიკი, იაბლონსკი (63' სკავიში), ზოლოტოვი

​სათადარიგო შემადგენლობა: გუტორი, იგნატოვიჩი, გრომიკო, პოლიაკოვი, საჩივკო, სტასევიჩი, იუზეპჩუხი

​მთავარი მწვრთნელი: მიხაილ მარხელი

​მსაჯები: ჯიუნეთ ჩაკირი (თურქეთი), ბაჰატინ დურანი (თურქეთი), ტარიკ ონგუნი (თურქეთი), მეტე კალკავანი (თურქეთი)

ვიდეო-რეფერი: აბდულკადირ ბიტიგენი (თურქეთი), ჰუსეინ გიოჩეკი (თურქეთი)

​გაფრთხილება: 33' ნაუმოვი, 38' კვეკვესკირი, 53' კანკავა, 69' ყაზაიშვილი, 90+4' ქვილითაია

​გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (7)

​საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას 11 ოქტომბერს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ნეიტრალურ მოედანზე სომხეთს დაუპირისპირდება. შეხვედრას პოლონეთის ქალაქი ტიხი უმასპინძლებს.