სიახლეები

საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალი დინამო არენაზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე "დინამო არენაზე" ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ბელარუსთან შეხვედრას გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. ფეხბურთელი კლუბიდან თბილისში ტრავმით დაბრუნდა და ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ფეხბურთელი გუნდთან ერთად რჩება და ინდივიდუალურად ემზადება. აღდგენითი პროცესის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში შესაძლოა გიორგი ჩაკვეტაძემ სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშოს.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ პრესკონფერენცია გამართეს.

ვლადიმირ ვაისი: "მატჩის დასრულების შემდეგ მხოლოდ ერთი გუნდი იქნება გახარებული და მჯერა, რომ ეს საქართველოს ნაკრები იქნება."

? ვლადიმირ ვაისი: "ბელარუსი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მათ ასევე ჰყავთ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები. კარგი გუნდია, რომელიც დაცვაში გამართულად თამაშობს, შემიძლია ვთქვა, რომ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ. ბელარუსს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც გუნდში ახალი ხედვა შეიტანა. ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ, რაც ადვილი არ იქნება.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში უამრავი ნიჭიერი მოთამაშე იყო, თუმცა ამ თაობას აქვს უნიკალური შანსი მიაღწიოს წარმატებას. ამისთვის, უპირველესად, ხვალინდელი თამაშის მოგებაა საჭირო. როგორც ცნობილია, გულშემატკივარი ამ თამაშს ვერ დაესწრება, მაგრამ მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ. მატჩის დასრულების შემდეგ მხოლოდ ერთი გუნდი იქნება გახარებული და მჯერა, რომ ეს საქართველოს ნაკრები იქნება. თუ ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება გვსურს, მოედანზე ხასიათი და ემოცია უნდა წარმოვაჩინოთ და ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ქართველი გულშემატკივარის გახარება.

ჩვენი ფეხბურთელების გამო ბედნიერი ვარ, რადგან ბოლო 3-4 ტურია საკუთარ კლუბებში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ვეცდებით, ოპტიმალური 11 მოთამაშე შევარჩიოთ და შესაბამისი ტაქტიკა დავუპირისპიროთ მოწინააღმდეგეს. თუმცა, რა თქმა უნდა, იგივეს ფიქრობს ჩვენი მეტოქის მთავარი მწვრთნელიც.

კაშია მატჩისთვის მზად არის, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ხვალინდელ შეხვედრაში ითამაშებს. რაც შეეხება მარცხენა მცველს, ამ პოზიციაზე საკმარისი ფეხბურთელები გვყავს და გადავწყვეტთ, რომელი გამოვიყენოთ. ხვალ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება პოზიციებს შორის სწორი ბალანსის დაცვა.

ხვალ ჩაკვეტაძის გარეშე მოგვიწევს თამაში, რადგან გიორგი შეკრებაზე ტრავმით ჩამოვიდა. მას ვესაუბრე და სამწუხაროდ, სათამაშოდ მზად არ არის. 3-4 დღე დაისვენებს და იმედი გვაქვს, შემდეგ მატჩებში დაგვეხმარება."

ვაკო გვილია: "ეს თითოეული ფეხბურთელისთვის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია."

? ვაკო გვილია: "რა თქმა უნდა, გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა. ყველამ ვიცით, რომ ეს თითოეული ფეხბურთელისთვის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში გავიდეთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. სამწუხაროდ, ხვალ მათ გარეშე მოგვიწევს თამაში, მაგრამ ვგრძნობთ უდიდეს მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდება ბელარუსიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას."

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. შეხვედრა 8 ოქტომბერს თბილისის "დინამო არენაზე" გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)