"სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" - სასწავლო კურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია 1 ოქტომბერს ვაკის მედიათეკაში გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა კურსის მონაწილეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებული სტარტი უსურვა.
დავით მუჯირმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაციისთვის საფეხბურთო მენეჯერების განათლება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. მან საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. პროგრამა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ტარდება. პროგრამის მთავარი მიზანი ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების მენეჯმენტის უნარებში გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.
პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული და ოპერაციული მართვის, დაგეგმვის, სტადიონების მოწყობისა და ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგის, სპონსორობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი გადაეცემათ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეები პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.