სიახლეები

ნიკე ერთპიროვნული ლიდერია

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

საქართველოს ქალთა ლიგის გათამაშების მე-8 ტურში, ცენტრალური შეხვედრა ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართა. თბილისის „ნიკე“, რომელიც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს 2018 წლის სეზონზე ფლობდა, მოქმედ ჩემპიონს „ლანჩხუთს“ დაუპირისპირდა.

დაძაბულ შეხვედრა, თბილისელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი, თეონა ბაქრაძის ფლანგური გარღვევის შემდეგ, ანია პოღოსიანმა გაიტანა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, „ნიკე“ ქალთა ლიგაში, ერთადერთი გუნდია, რომელსაც არც ერთი ქულა არ აქვს დაკარგული და გათამაშებას 24 ქულით ლიდერობს.

ამ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, სატურნირო ცხრილში კვლავ გაცვალეს ადგილები „ლანჩხუთმა“ და „მართვემ“. ქუთაისელებმა, დაძაბულ ორთაბრძოლაში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ნორჩი დინამო“, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. იმერლების შემადგენლობიდან, გამარჯვების გოლი თამთა შენგელიამ, მე-80 წუთზე გაიტანა.

გათამაშების დებიუტანტთა მატჩი „მცხეთასა“ და „თუშეთს“ შორის, თუშების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ერთნაირი ანგარიშით - 5:0 გაიმარჯვეს „კვარტალმა“ და ბათუმმა. თბილისელებმა „ზარზმა“ დაამარცხეს და ბათუმელებმა კი, „სამეგრელო“. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ბათუმელებს 2 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მე-8 ტურში, ერთადერთ შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, სადაც 8 გოლი გავიდა. ხაშურის „ივერიასა“ და ხობის „კოლხეთის“ დაპირისპირება ანგარიშით - 4:4 დასრულდა.

ქალთა ლიგის გათამაშების მომდევნო ტური 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

სატურნირო ცხრილი და გათამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე.