28 სექტემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა.
ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანთან დავით მუჯირთან, პირველი ვიცე პრეზიდენტთან კახა ჭუმბურიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ოფიციალური სტუმრები აკადემიის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღია ვარჯიშს დაესწრნენ და საცხოვრებელი შენობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაესაუბრნენ.
? ლევან კობიაშვილი - სფფი-ის პრეზიდენტი: "დღევანდელი დღე არამხოლოდ ფეხბურთის ფედერაციისთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. აღნიშნული პროექტი დაახლოებით 2 წლის წინ დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა. ჩემთვის ეს პროექტი სამაგილითოა, რადგან ის ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით შედგა.
ბავშვები უკვე გუშინ შემოვიდნენ აკადემიაში. მათ ადგილზე ცხოვრებისთვის, სწავლისთვის და ვარჯიშისთვის ყველანაირი პირობა ექნებათ. ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას და გურიის რეგიონში ფეხბურთის განვითარებას.
ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წელია რეგიონებში აკადემიების მშენებლობა დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი აკადემიები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, ლაგოდეხში და ზუგდიდში. ამ ჩამონათვალს უკვე შეემატა აკადემია გურიაში. აღნიშნულ პროექტებთან ერთად ჩვენ ვაშენებთ ახალ აკადემიას სოფელ რუხსა და ქუთაისში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში საფეხბურთო აკადემია ფუნქციონირებდეს.
მადლობა მინდა გადავუხადო ფიფას და უეფას, რომლებიც ყოველთვის გვეხმარებიან მსგავსი პროექტების განხორციელებაში. ასევე მადლობას ვუხდი ადგილობრივ ხელისუფლებას წარმატებული თანამშრომლობისთვის."
? ალექსანდრე სარიშვილი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი: "ვულოცავ ლანჩხუთს და მთლიანად გურიას ახალი საფეხბურთო აკადემიის გახსნას. გურიის რეგიონში აკადემიის აშენების იდეა დაახლოებით ორი წლის უკან გაჩნდა. აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა. ჩემი აზრით, საფეხბურთო აკადემია მნიშვნელოვანია როგორც ფეხბურთის, ასევე რეგიონის განვითარებისთვის. გურიაში ფეხბურთი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აკადემიაში გაზრდილი ფეხბურთელები როგორც ადგილობრივ კლუბებს, ასევე ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან."
გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტის ფარგლებში ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინსტრაციული შენობა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა განათების სისტემა. საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით იფუნქციონირებს.
გვიმბალაურის აკადემიის გახსნას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლები და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა. ასევე გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურა ნარსია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთი - ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, ზუგდიდსა და ლაგოდეხში. უახლოეს მომავალში ასევე გაიხსნება რუხის საფეხბურთო აკადემია. 2021 წლის შემოდგომაზე კი, ფეხბურთის ფედერაცია აკადემიის მშენებლობის დასრულებას ქუთაისში გეგმავს.