სიახლეები

მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო!

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო. კვირეულის პირველი აქტივობა 25 სექტემბერს, #WePlayStrong - საქართველოს ფარგლებში ქალაქ გორში გაიმართა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა 60-მდე გოგონამ მიიღო.

აღნიშნული აქტივობით, გორში #WePlayStrong კამპანიის ახალი ლოკაცია შეიქმნა. მთელი წლის განმავლობაში პროგრამის მონაწილე გოგონებს რეგულარულ ყოველკვირეულ საფეხბურთო ვარჯიშებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სალომე ხუბულური და ქალთა საფეხბურთო გუნდის "გორი იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი რიჩარდ ოიებადე ჩაუტარებენ.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ #WePlayStong საფეხბურთო ფესტივალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და ნიკა ჯღარკავა დაესწრნენ და გოგონებთან ერთად საფეხბურთო ვარჯიშებში ჩაერთნენ.

? ალექსანდრე იაშვილი - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: "მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო, პირველ აქტივობას ქალაქი გორი მასპინძლობს. ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

რაც შეეხება, კონკრეტულად ამ პროექტს. #WePlayStrong უკვე მეორე წელია საქართველოში იმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალთა ფეხბურთის განვითარებაა. პირველი ეტაპზე ჩვენ საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ჩამოვაყალიბეთ. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის მონაწილე კლუბებმა ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეებით მიიღონ შევსება. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ესაა."

? სალომე ხუბულური - საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი: "მსაგვსი პროექტები ხელს უწყობს უფრო მეტი გოგოს ჩართულობას ფეხბურთში. საწყის ეტაპზე პროექტი სახალისო ვარჯიშებს მოიცავს, რომ რაც შეიძლება მეტი გოგონა მოვიზიდოთ ფეხბურთში. ნელ-ნელა კი, ვარჯიშები პროფესიულ ხასიათს მიიღებს. იმედი გვაქვს, რომ ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს აღმოვაჩენთ და ხელს შევუწყობთ მათ განვითარებას."

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორე წელია #WePlayStrong პროექტს ახორციელებს და მიზნად ისახავს გოგონების ფეხბურთში ჩართვას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას საქართველოში. პროექტი უეფა-ს საკომუნიკაციო კამპანიის #WePlayStrong Together ფარგლებში იმართება.