სიახლეები

მომდევნო ტურამდე ქალთა ლიგაში სტატუს-კვო შენარჩუნებულია

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის „მართვემ“, მხოლოდ, ერთ დღით მოახერხა სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად დაწინაურება. ქუთაისელები მიმდინარე გათამაშებაში დაკარგული ქულების გარეშე ასპარეზობენ, თუმცა, გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობის მიხედვით, ამ ეტაპზე, თბილისის „ნიკეს“ შემდეგ გუნდი მეორე ადგილზეა .

მე-6 ტურში, მართვემ მარტივად მოახერხა ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ დამარცხება, ანგარიშით 7:0. ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ამ შეხვედრაში მორიგი გოლი გაიტანა, ქუთაისელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ლაურა ლებერმა. კიდევ ერთი გოლი ლანა გორგაძის ანგარიშზეა, დუბლი თამთა შენგელიამ, ხოლო ჰეთ-თრიქი მარიამ შონიამ შეასრულა.

თბილისში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე, 9:1 იმარჯვა თბილისის „ნიკემ“, რომელმაც ამჯერად ხობის „კოლხეთის“ დამარცხება შეძლო. ამ შეხვედრაში ორ-ორი გოლი ანა პოღოსიანმა, ლიზი მწყერაშვილმა და თამარ ტატუაშვილმა გაიტანეს. თითო გოლი კი, ლელა ჭიჭინაძის, თეონა ბაქრაძისა და ნათია სხირტლაძის ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა, აღნიშნულ, მე-6 ტურის მატჩში ანგარიში გახსნა.

არ გასჭირვებია მორიგი 3 ქულის მოპოვება „ნორჩ დინამოს“, რომელმაც ამჯერად გათამაშების დებიუტანტი „მცხეთა“ 10:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დინამოელთაგან ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა მოახერხა ჰეთ-თრიკის შესრულება. სამ-სამი გოლი ეკატერინე ხარაიშვილისა და მარიამ მოდრეკილიძის ანგარიშზეა. თითო გოლი კი, მარიამ ჯანიკაშვილმა, ელენე კახნიაშვილმა, მარიამ ბეგიაშვილმა, და ანი მინაძემ გაიტანეს. ამ გამარჯვების შემდეგ, „ნორჩი დინამო“ 11 ქულით მე-4 საფეხურზე გადავიდა.

ამ მომენტისთვის მე-3 ადგილზეა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი“, რომელმაც აღნიშნულ ტურში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება შეძლო. ლანჩხუთელებმა 12:0, გათამაშების დებიუტანტი, თუშეთი დაამარცხეს. უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, ჩემპიონი გუნდი 8:0-ს იგებდა. ამ მატჩში თითო-თითო გოლი ნათელა წოწერიამ, ია ალელიშვილმა, მარიამ რომანჩუკმა, ნინო გუჯაბიძემ და ქეთევან ხრიკაძემ გაიტანეს. დუბლი კი, ირინა ხაბურზანიას ანგარიშზეა. საქართველოს ჩემპიონატის 2019 წლის საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა, ხატია ჭყონიამ კი ამ დღეს ხუთი გოლის გატანა მოახერხა.

მინიმალური ანგარიშით 1-2 დამარცხდა „ზარზმა“ საშინაო მატჩში სოხუმის „დინამოსთან“. სოხუმელთაგან გოლები ანა კულდონაშვილმა და თეა მეტრეველმა გაიტანეს.

„გორი იუნაიტედმაც“ გასვლით შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება და მშრალი ანგარიშით 3:0 ხაშურის „ივერია“ დაამარცხა. გამარჯვებულთაგან დუბლი ეთერ სულაშვილის ანგარიშზეა. ერთი გოლი კი, რუსუდან მანაგაძემ.

ქალთა ლიგის მე-6 ტურში ერთი მატჩი გადაიდო. აჭარაში გაუარესებული ეპიდვითარების გამო, „ბათუმისა“ და „კვარტალის“ შეხვედრა გადაიტანეს.

სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე

ქალათა ლიგის მომდევნო, მე-7 ტური 19 სექტემბერს გაიმართება. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ლანჩხუთი“, ქუთაისის „მართვეს“ უმასპინძლებს.