სიახლეები

საქართველო 1:1 ჩრდ. მაკედონია

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა. მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ჩვენმა გუნდმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა საბოლოოდ თამაში ფრედ - 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-13 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება კონტრშეტევაზე შეძლეს, 33-ე წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი იერიში შედეგიანი დარტყმით სტეფან რისტოვსკიმ დაასრულა. 64-ე წუთზე უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან მაკედონიელთა ცენტრალური მცველი ვისარ მუსილუ გააძევა. დარჩენილ დროში ჩვენს გუნდს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართული შეხვედრით ჯაბა კანკავა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ქვეყნის მთავარ გუნდს ყველაზე მეტ - 51 შეხვედრაში უკაპიტნა. 
ამავე მატჩში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა თბილისის "საბურთალოს" 21 წლის მცველმა ნიკა მალიმ.

მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უპასუხა:

? ვლადიმირ ვაისი: "ორი ქულა დავკარგეთ, რადგან მეორე ტაიმში ბევრი კარგი მომენტი შევქმენით, შენგელიას და კანკავას კარგი შანსები ჰქონდათ. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ უკეთ ვითამაშოთ და შეგვიძლია უკეთესად თამაში. ჩრდილოეთ მაკედონია კარგი გუნდია, რომელსაც გორან პანდევის სახით დიდი გამოცდილების  ფეხბურთელი ჰყავს. მასთან ერთად ამ გუნდში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა.

დღეს შეტევაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიწია. გიორგი ჩაკვეტაძეს დასვენება სჭირდებოდა, რადგან ზედიზედ ორი მატჩის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის.

25-30 წუთის განმავლობაში 10 ფეხბურთელის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. სათამაშო სქემა შევცვალეთ და შევეცადეთ, რომ თამაში მოგვეგო. ეს ვერ შევძელით, თუმცა ფრე ნორმალური შედეგია, ოქტომბერში გასამართი პლეი-ოფის წინ ეს ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო.

ახლა ჩვენ უკვე ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ. ეს გადამწყვეტი შეხვედრაა და ვნახოთ რა მოხდება ერთ თვეში. ბიჭებს ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალურად მოემზადონ აღნიშნული შეხვედრისთვის. პირველ რიგში ეს ფიზიკურ მომზადებას ეხება."

მთავავარი მწვრთნელის მსაგვსად განვლილ შეხვედრაზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ისაუბრეს:

ხვიჩა კვარაცხელია: "ვფიქრობ, გუნდმა ორივე შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა. სამწუხაროა, რომ დღეს არ გაგვიმართლა, ბევრი მომენტი, იყო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. ახლა ვემზადებით ბელარუსთან თამაშისთვის, დარწმუნებული ვარ, უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ და აუცილებლად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს."

ლევან შენგელია: "დღევანდელი თამაშის შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით. გვინდოდა, მოგვეგო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გულშემატკივარი გაგვეხარებინა, ასევე ოქტომბრის თამაშს უფრო კარგი განწყობით შევხვედროდით. შევეცდებით, რომ შემდეგ თამაშში სასურველ შედეგს მივაღწიოთ."

ნიკა კვეკვესკირი: "ყველას გვესმოდა,  რომ ფურცელზე ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენთან ერთად, ამ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, რადგან თანაბარი ჯგუფია და თითოეულ გუნდს სურს, ეს ჯგუფი წარმატებით დაასრულოს. ამას გარდა, დამატებით მოტივაციას სძენდა ის ფაქტი, რომ მაკედონია ერთალ ლიგის ოთხთა ფინალში არის გასული. იყო მოტივაციაც, ცოტა ნერვიულობაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გუნდს, შესაძლოა და იმედია, რომ ფინალშიც შევხვდებით. გვინდოდა, რომ გამარჯვებით დაწყებული ჯგუფი წარმატებით გაგვეგრძელებინა. ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ იყო საკუთარ მოედანზე ქულების დაკარგვა. ჩვენ გეგმაში გამარჯვება იყო, რადგან ვცდილობთ ეს ჯგუფიც წარმატებით გადავლახოთ და აღვზევდეთ ბ დივიზიონში.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, სანამ გოლს გავუშვებდით, რომელიც ინდივიდუალურ შეცდომას მოყვა, შეხვედრა გარდამტეხი უპირატესობით მიდიოდა. ვფლობდით უპირატესობას და გაშვებულმა გოლმა გუნდზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. მოწინააღმდეგს კი თავდაჯერება მისცა, გაიხსნენ და პირველი ტაიმის მეორე ნახევარში თითქოს სათამაშო უპირატესობა მათ მხარეს გადავიდა. რეალურად ეს არ ასახულა რაიმე სახიფათო მომენტში. მეორე ტაიმში გვქონდა ასპროცენტიანი საგოლე მომენტები, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ."

საქართველო 1:1 ჩრდ. მაკედონია

თბილისი, დინამო არენა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (75' შენგელია), კანკავა, კვეკვესკირი (85' კაჭარავა), ოქრიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (62' ჩაკვეტაძე)

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, გრიგალავა, კობახიძე, კობოური, ჯიღაური, გვილია, ლობჟანიძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ჩრდ. მაკედონია: სისკოვსკი, რისტოვსკი, ველკოსკი, მუსილუ, ალიოსკი, ადემი (59' ნიკოლოვი), სპიროვსკი, ტრაიკოვსკი (59' ნესტოროვსკი), ბარდი, ელმასი, პანდევი (78' ბეიტულაი)

სათადარიგო შემადგენლობა: ბოგატინოვი, ილიევი, ტოშევსკი, ზაიკოვი, სტოიანოვსკი, ველკოსკი

მთავარი მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი

მსაჯები: პეტერ კიესგაარდი (დანია), ვიქტორ სკიტე (დანია), იაკობ მასტრუპი (დანია), მიკაელ ტიკგაარდი (დანია)

გაფრთხილება: 22' ბარდი, 45'1 ქვილითაია, 58' მუსილუ, 65' ნიკოლოვი

გაძევება: 64' მუსილუ

გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (პენ.) (13), 1:1 რისტოვსკი (33)

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას 8 ოქტომბერს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის  საკვალიფიკაციო პლეი-ოფის მატჩში ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

უეფას ერთა ლიგის C დივიოზინის მეორე ჯგუფი
  გგ გმ ბს
ჩრდ. მაკედონია 2 1 1 0 3 2 1 4
საქართველო 2 1 1 0 2 1 1 4
სომხეთი 2 1 0 1 3 2 1 3
ესტონეთი 2 0 0 2 0 3 -3 0