საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისის დინამო არენაზე დაუპირისპირდება.
7 სექტემბერს, ორივე გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში გამართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. უახლოესი მატჩისთვის ეროვნულ გუნდთან ერთად ემზადება ვაკო გვილია, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ესტონეთთან შეხვედრა გამოტოვა. ლეგიას ქართველი ლეგიონერი უკვე გამოჯანმრთელდა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის მოლოდინშია.
ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა პრესკონფერეცია გამართეს და მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხეს:
? ვლადიმირ ვაისი: "დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ თბილისში დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ მზად ვართ ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩისთვის. ტურნირის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხვალ ჩვენ ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდებით, ჩრდილოეთ მაკედონიის შემადგენლობა კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. მზად ვართ, რომ სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ.
ვაკო გვილია ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის. პირველ შეხვედრაში მის გარეშე თამაში მოგვიწია, რადგან მას ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მოთამაშემ რამდენიმე დღე დაისვენა, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა და ახლა უკვე მზადაა ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს.
ახლა ნაადრევია ოქტომბრის თამაშზე საუბარი, ყველა ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ. ერთ თვეში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველოს მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალშია, ყველას მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. ამ ეტაპზე ფავორიტი ნამდვილად არცერთი ნაკრები არ არის.
მე არასდროს ვყოფილვარ ათი თვე ფეხბურთის გარეშე. დაუჯერებელი იყო ამხელა დროის განმავლობაში ვარჯიშის და ჩემი ფეხბურთელების გარეშე ყოფნა. ეს ნამდვილად რთული პერიოდი იყო ყველასთვის."
? ნიკა კვეკვესკირი: "საკმაოდ რთულ რეალობაში გვიწევს ცხოვრებაც და ფეხბურთის თამაშიც. საწყის ეტაპზე ძალიან რთული შესაგუებელი იყო ეს ყველაფერი. განსაკუთრებით კი ფეხბურთელებისთვის. მთელი ცხოვრებაა ფეხბურთს ვთამაშობთ და უცებ საყვარელი საქმის გარეშე დავრჩით. ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული იყო ამის გააზრება, განსაკუთრებით ლეგიონერებისთვის, რომლებიც შორს ვართ საკუთარი ოჯახებისგან.
ასეთი მდგომარეობის შემდეგ დაბრუნება ორმაგად სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეროვნულ ნაკრებზე ვსაუბრობთ. 10 თვიანი პაუზის შემდეგ შევიკრიბეთ და საშუალება გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოვადგინოთ.
ფიზიკურად, რა თქმა უნდა, რთულია დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში შეხვიდე. ყაზახეთის ჩემპიონატში მხოლოდ სამი ტური ვითამაშეთ, თანაც საკმაოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, შემჭიდროვებულ ვადებში მოგვიწია მატჩების ჩატარება. ამას ემატება ფრენები, მაგალითად მე და ჯაბა კანკავა 24 საათი ვიყავით გზაში იმისთვის, რომ თბილისში ჩამოვსულიყავით. ეს ყველაფერი მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა იმხელა ემოციასთან არის დაკავშირებული, რომ ყველანაირ დაღლილობას ფარავს.
....მოწინააღმდეგე გუნდები ხშირად აღნიშნავენ, რომ დინამო არენაზე თამაში განსაკუთრებით რთულია. გულდასაწყვეტია, რომ მაყურებლის თამაშზე დასწრება კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა თითოეული ქართველის ოცნების მატჩია. ამიტომ ჩვენ უდიდესი სურვილი გვაქვს, რომ მათთან ერთად გავიზიაროთ ემოციები სტადიონზე, რადგან ქართველი გულშემატკივარი მონატრებულია დიდ გამარჯვებას. მგონია, რომ გულშემატკივრის ხმას მაინც გავიგებთ და სტადიონთან ახლოს იქნებიან. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის - ქართველებს გვეხერხება გვერდში დგომა და როდესაც ვერთიანდებით, დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია."
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დინამო არენაზე 8 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ეროვნულ ნაკრებთა მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.