სიახლეები

7x7-ზე საფეხბურთო ტურნირი - MASTER LEAGUE იწყება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

19 აგვისტოს, ბავშვთა ქალაქ მზიურში სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირის Master League 7x7 პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, თბილისის მერთან კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან შალვა გოგოლაძესთან ერთად ესწრებოდა.

7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში, რომელიც პირველად გასულ წელს გაიმართა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონი - 64-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ჩართული. 

მიმდინარე წელს პროექტში ჩართული გუნდების საერთო რაოდენობა 544-ია, რაც ორჯერ აღემატება 2019 წელს მონაწილე გუნდების რაოდენობას. მათ შორის, თბილისში მონაწილე გუნდების რაოდენობაა - 44  (აქედან 20 გუნდი ითამაშებს თბილისის MASTER LEAGUE-ში და 24 გუნდი თბილისის CHALLENGE LEAGUE-ში). დედაქალაქში რეგისტრირებულ მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1 050-ს შეადგენს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 ათასზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას.

ტურნირის პირველი შეხვედრა 21 აგვისტოს რაჭაში გაიმართება, ხოლო 25 აგვისტოს თბილისში აიღებს სტარტს.

ფოტო: თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

 

 

 

 

 

პროექტის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე, 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, აკაკი ხლაბუსტოვი, ასევე თბილისის მერიის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს წევრები და ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობითა და პარტნიორობით ხორციელდება. ტურნირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.