სიახლეები

ქალთა ლიგაში ნიკე გალიდერდა

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

15 და 16 აგვისტოს ქალთა ლიგის გათამაშების მეორე ტური ჩატარდა. მატჩები ორ დღეზე გადანაწილდა და გულშემატკივარმა დაძაბული მატჩები იხილა.

უხვგოლიანი გამოდგა ქალთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის პირველი სათამაშო დღე. მორიგი გამარჯვება მოიპოვა თბილისის „ნიკემ“, რომელიც წელს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მწვრთნელად, ამავე ნაკრების კაპიტანი ტატა მატვეევა ჰყავს. „ნიკე“ ამ ტურში, „ზარზმას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 10:0  გაიმარჯვა. თბილისელთაგან გოლები ნათია სხირტლაძის, ანა პოღოსიანის, ლელა ჭიჭინაძის (2), ლიზი მწყერაშვილის (2) და თეონა ბაქრაძის (4) ანგარიშზეა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ნიკე“ 6 ქულითა და ყველაზე მეტი გატანილი გოლით, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. 

მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“. ჩემპიონატის დაძაბული სტარტის შემდეგ, გურულებს ხობის „კოლხეთის“ დამარცხება არ გასჭირვებიათ. "ლანჩხუთმა" მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. გურულებმა ანგარიშის გახსნა, 35-ე წუთზე მოახერხეს. მიმდინარე ჩემპიონატში, სადებიუტო გოლო გაიტანა საქართველოს ჩემპიონატის 2019 წლის საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ. მანვე, ამ შეხვედრაში, დუბლის გაფორმებაც მოახერხა. ლანჩხუთელთაგან, მეორე ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი გოლი, ნინო ჩხარტიშვილმა გაიტანა. 

გასვლაზე დიდი ანგარიშით 10:0 გაიმარჯვა „გორი იუნაიტედმა“, რომელმაც გათამაშების დებიუტანტს „თუშეთს“ სძლია. ისევე, როგორც წინა სეზონში, გორელთა შორის საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი ეთერ სულაშვილი, ამ სეზონშიც გამოირჩევა. ეთერის ანგარიშზე ამ მატჩში, ხუთი გოლია. სამი გოლი კი, გორელთაგან თამარ ეპიტაშვილმა გაიტანა, რომელიც გუნდს, წელს შეუერთდა.

მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს, მცხეთაში, „სამეგრელომ“, გათამაშების დებიუტანტის კარში, მხოლოდ 2 გოლის გატანა შესძლო და 2:0 გაიმარჯვა.

შედარებით ნაკლები გოლი გავიდა, ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მეორე ტურის დარჩენილი 3 შეხვედრაში, რომლებიც 16 აგვისტოს გაიმართა.

ბათუმში, ადგილობრივმა ქალთა გუნდმა, ხაშურის „ივერიას“ დამარცხება ანგარიშთ - 3:2, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა. ამ მატჩში გუნდებმა 11-მეტრიანები გაცვალეს და მეკარის გაძევების შედეგად, ხაშურელებმა თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულეს.

ტრადიციულად, სტაბილურად დაიწყო ჩემპიონატი, ქალთა შორის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ქუთაისის „მართვემ“. ამ ტურში ქუთაისელებს, არ გასჭირვებიათ გათამაშების დებიუტანტის, სოხუმის „დინამოს“ დამარცხება - ანგარიშით 5:0. დინამოელთა კარში, ერთი გოლი, „მართვეს“ ამერიკელმა ლეგიონერმა, ლაურე ლევერმა გაიტანა, ოთხი გოლი კი, ლანა გორგაძის ანგარიშზეა. სასიხარულოა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ტრავმის და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვეულ ფორმაში შედის.

ამ ტურის ბოლო შეხვედრა თბილისში გაიმართა. „ნორჩი დინამო“, გათამაშების დებიუტანტს, თუმცა გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ „კვარტალს“ დაუზავდა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

ქალთა ლიგის გათამაშების მე-3 ტური 22 და 23 აგვისტოს გაიმართება. გათამაშების ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე.