დასრულდა 2020 წლის #WePlayStrong გოგონათა საზაფხულო ბანაკი, რომელიც ლაგოდეხის საფეხბურთო აკადემიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მეორედ გაიმართა. 27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით აკადემიამ 15 წლამდე 60 ფეხბურთელ გოგონას უმასპინძლა.
გოგონებს საზაფხულო ბანაკის დასკვნით დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ესტუმრა. სფფ-ის პრეზიდენტმა ბანაკის მონაწილე გოგონებს საკუთარი საფეხბურთო კარიერის შესახებ უამბო და გამოცდილება გაუზიარა.
დღის ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი საზაფხულო ბანაკის მონაწილე გოგოებთან ერთად სავარჯიშო პროცესში ჩაერთნენ და ფეხბურთი ითამაშეს.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები მთელი კვირის განმავლობაში მოხალისეობრივად იღებდნენ მონაწილეობას საზაფხულო ბანაკის ყოველდღიურ ცხოვრებაში, გოგონებს საფეხბურთო ვარჯიშებს უტარებდნენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.
სფფ-ის ხელმძღვანელებთან ერთად საზაფხულო ბანაკს UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ეწვია. UNFPA-ის მოწვევით კი, #WePlayStrong საზაფხულო ბანაკის მონაწილე გოგონებს მწერალი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე შეხვდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და UNFPA-ის საქართველოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში საზაფხულო ბანაკის მიმდინარეობისას UNFPA-ის წარმომადგენლებმა გოგონებს გენდერის თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს.
UNFPA-ს ორგანიზებით #WePlayStrong გოგონათა საზაფხულო ბანაკის ფარგლებში დინა ოგანოვას ფოტოპროექტის "გოგონები მომავლიდან" ჩვენება გაიმართა.
გოგონების საზაფხულო ბანაკი უეფას საკომუნიკაციო პროექტის #WePlayStrong Together-ის ფარგლებში იმართება.
საზაფხულო ბანაკი #WePlayStrong პირველად გასული წლის ზაფხულში გაიმართა. მთელი წლის განმავლობაში კი გოგონებს ფეხბურთის უფასოდ სწავლების შესაძლებლობა აქვთ. პროექტის მთავარი მიზანი ქართულ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი გოგონას მოზიდვა და ამ საშუალებით ქალთა ეროვნული ჩემპიონატის და გოგონათა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობაა.
შეგახსენებთ, რომ ბანაკის დაწყებამდე აკადემიის შენობას სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. შენობის დეზინფექციასა და ბანაკის მიმდინარეობის პერიოდში ანტიბაქტერიული საშუალებებით უზრუნველყოფას კომპანია ელექსირი სფფ-სთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფს. საზაფხულო ბანაკის პარტნიორები ასევე არიან კომპანიები ბარამბო, კოკა-კოლა და მაკდონალდსი.