კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით 13 ივლისიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 2020 წლის სეზონი გაგრძელდება. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგა მესამე ტურის მატჩებით განახლდება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ქობულეთის "შუქურა" და ზუგდიდის "დინამო" დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი 18:00 საათიდან Silk Universal-ის ეთერში იხილავს.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-თან ერთად ასევე იგეგმება ლიგა 3-ის განახლება, ტურნირი მეორე ტურის მატჩებით 27 ივლისიდან გაგრძლედება. ლიგა 4, რეგიონული ლიგა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება კი, აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.
აღნიშნული თემების შესახებ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:
? "კლუბებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 13 ივლისიდან განახლდება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მსგავსად აღნიშნული ტურნირიც მესამე ტურიდან გაგრძელდება.
რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის დანარჩენ ლიგებს, ლიგა 3 27 ივლისიდან განახლდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების დაწყება იგეგმება. ფუტსალის ლიგისა და ქალთა ლიგის შესახებ კი, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ფუტსალის ასოციაციასთან და ქალთა ფეხბურთის ფედერაციასთან.
ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი განვაახლოთ როგორც პროფესიული ასევე მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით.
რა თქმა უნდა, ყველა ლიგაში მოხდება ფორმატის ცვლილება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 და ლიგა 3 ოთხი წრის მაგივრად ორ წრედ გაიმართება, ლიგა 4-ში კი, განახლებული ფორმატი გვექნება. ამ ყველაფრის შესახებ რა თქმა უნდა, კლუბები ინფორმირებული იქნებიან. ასევე რეგიონულ ფედერაციებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ფორმატით დაიწყება რეგიონული ლიგა."