სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, UNFPA-სა და ლოკომოტივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

სფფ
გაუზიარე

26 ივნისს, სასტუმრო „სტამბაში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. მემორანდუმს ხელი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა მოაწერეს. ორგანიზაციებს შორის პირველი მემორანდუმი 2018 წელს გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში.

თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ფეხბურთში გოგონების ჩართულობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA-ს მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად წარმატებით ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვანი სოციალურ პროექტს. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ფეხბურთი დიდი სოციალური მოვლენაა.

აღნიშნული თანამშრომლობა კი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ერთობლივი ძალებით ხელი შევუწყოთ გოგონების და ბიჭების თანაბარ ჩართულობას ფეხბურთში, გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციას და კაცების ჩართულობის ზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.“

? „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და თბილისის „ლოკომოტივთან“ თანამშრომლობა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიეროს მუშაობა არაერთი პრიორიტეტული მიმართულებით.

ფეხბურთი კვლავაც რჩება სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობად საქართველოში, შესაბამისად, ფეხბურთელები როლმოდელებს წარმოადგენენ უამრავი ახალგაზრდისთვის. ვფიქრობთ, რომ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის მისაღწევად, პარტნიორობა და მოკავშირეობა, რომელიც ჩვენს ორგანიზაციებს შორის არსებობს, თავის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უფრო თანასწორი საზოგადოების მშენებლობის პროცესში.“ - აღნიშნა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

გიორგი ყიფიანის თქმით, საფეხბურთო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ მზადაა, რომ კვლავაც აქტიურად გააგრძელოს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა და ფეხბურთში გოგონების მონაწილეობის წახალისება.

? „ლოკომოტივის“ აკადემიაში მოზარდი გოგონები და ბიჭები, გარკვეულ ასაკამდე, ერთად ვარჯიშობენ, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის იმისა, რომ ისინი სტერეოტიპებისგან თავისუფალ ადამიანებად გაიზრდებიან და თანასწორნი იქნებიან ცხოვრებაშიც და მოედანზეც.“ - განაცხადა გიორგი ყიფიანმა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „ლოკომოტივის“ თანამშრომლობამ არაერთ საინტერესო ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი. 2017 წლიდან ერთობლივი ძალისხმევით ტარდება უკვე ტრადიციად ქცეული „მამების თასი“.

UNFPA-სთან თანამშრომლობით 2018 წელს, საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე კამპანია „კაცები ზრუნავენ“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა წარადგინა. 2019 წელს კი, თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი, როგორც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრი, სიტყვით გამოვიდა ნაირობის სამიტზე.