საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტმა 2020/2021 წლების ლიცენზირების პროცესი დაასრულა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული მდგომაორების გამო სალიცენზიო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა და შეუფერხებლად დასრულდა. კერძოდ, განხილულ იქნა უეფას 2020/2021წ.წ. სეზონისთვის ლიცენზიების გაცემის საკითხები და ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეცნობა ფეხბურთის კლუბებს. კერძოდ:
უეფას ლიცენზია მიიღო ევროპის 2020/2021წწ. საკლუბო ტურნირებზე გასულმა ოთხივე ქართულმა კლუბმა:
· ფ.კ. „დინამო თბილისი“
· ფ.კ. „დინამო“ (ბათუმი)
· ფ.კ. „საბურთალო“ (თბილისი)
· ფ.კ. „ლოკომოტივი“ (თბილისი)
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად განხორციელდა ქალთა ფეხბურთის კლუბების ლიცენზირება უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგისთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს ქალთა ლიგის 2019წ. გამარჯვებულმა კლუბმა „ლანჩხუთმა“ წარმატებით გაიარა ლიცენზირების პროცესი და მიიღო შესაბამისი ლიცენზია.
ლიცენზირების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ასევე ქალთა ფეხბურთის კლუბი „ნიკე“ (თბილისი) და ფ.კ. „ნორჩი დინამო მერანის“ (თბილისი) ქალთა გუნდი. კლუბებს მიღებული გამოცდილება საქართველოს ქალთა ლიგის ლიცენზირების პროცესში გამოადგებათ, რომელიც მომავალი სეზონიდან დაინერგება.
ლიცენზირების კომიტეტის ონლაინ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს და ლიცენზირების პროცესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უეფას კლუბების ლიცენზირების უფროსმა - ალეშ ზავრლმა, ასევე სფფ-ის ხელმძღვანელებმა - გენერალურმა მდივანმა - დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა - ნიკოლოზ ჯღარკავამ.