სიახლეები

საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი აშენდება. აღნიშნული ტერიტორია ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადმოეცა. გადმოცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, ტრიბუნებით, განათებითა და სარბენი ბილიკით. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ მოსახლეობას. სამშენებლო პროცესის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

ამას გარდა, თბილისში სფფ-ის კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გლდანში მიმდინარეობს. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულის  ჩაგდების ცერემონია 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა. პროექტი მოიცავს ხელოვნურსაფარიან სტანდარტულ და მინი მოედანს განათებით, ტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც უეფასა და ფიფასგან მიღებული თანხებით მიმდინარეობს, 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.  

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში, რომელიც სფფ-ისა და უეფას დაფინანსებით ხორციელდება, ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება 2020 წლის ზაფხულში იგეგმება.

სფფ-ის კიდევ ერთი ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, სფფ-ის ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია 2019 წლის მაისში გაიმართა. მშენებლობის დასრულებისას ადგილზე განთავსდება ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება ფეხბურთელთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

მშენებლობა დასკვნით ეტაპს უახლოვდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, სადაც სფფ-ის გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რომელიც სფფ-ისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და ერთი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით.

შენიშვნა: მშენებლობები სანიტარული ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.