სიახლეები

მსაჯთა აკადემიის მეოთხე კურსი დასრულდა!

მსაჯები
გაუზიარე

11 მარტს, დავით პეტრიაშვილი არენაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის საერთო საგანმანათლებლო პროექტის "მსაჯთა აკადემიის" მეოთხე კურსის დასრულებასთან დაკავშირებით კურსანტებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სასწავლო პროცესი, სერტიფიკატები გადაეცათ. აკადემიაში სასწავლო პროცესი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ის 19-მა კურსანტმა დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 4 გოგოა. 

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, შალვა გოგოლაძე დაესწრნენ. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოსა და ფონდის წარმომადგენლებმა, კურსანტებს მსაჯთა აკადემიის დასრულება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი "მსაჯთა აკადემია" 2017 წლიდან ხორციელდება. აკადემიაში სწავლა სრულიად უფასოა და მისი დასრულების შემდეგ კურსანტს საშუალება ეძლევა ქართულ ფეხბურთში დასაქმდეს. სასწავლო პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ახალი კურსის შესახებ ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი მოგაწვდით.